Site icon Civil.ge

პროკურატურამ ‘მაღალი სასულიერო იერარქის ’ მკვლელობის მზადების ეჭვით დეკანოზი დააკავა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

შოთაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2 თებერვალს დაიწყო „ერთ-ერთი მოქალაქის“ განცხადების საფუძველზე, რომელმაც აცნობა პროკურატურას, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა. შოთაძემ ეჭვმიტანილის სავარაუდო მსხვერპლი არ დაასახელა.

მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა „შემჭიდროვებულ ვადებში“ ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფული და ასევე ჰპირდებოდა მომავალში „არამართლზომიერ სარგებელს“, რომლის სახეც პროკურორს არ დაუზუსტებია. 

„როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე“, – განაცხადა შოთაძემ.

შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ მამალაძეს, რომელიც ამავდროულად „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი იყო, „სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან“.  „გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას“, – დასძინა მთავარმა პროკურორმა.

სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი „გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან“.

მამალაძე თბილისის აეროპორტში გერმანიაში გამგაზავრებამდე დააკავეს და შხამიანი ნივთიერება ბარგში აღმოუჩნეს.

პროკურატურის ცნობით, გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას იპოვეს კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი ექვსი ვაზნითურთ.

ჟურნალისტების კითხვაზე დაესახელებინა მამალაძის სავარაუდო მსხვერპლი, შოთაძემ განაცხადა: „ამ ეტაპზე მე არ ვასახელებ იმიტომ, რომ გამოძიება გრძელდება. არსებობს სხვა ვერსიებიც და გრძელდება მუშაობა და მე…მოგიწოდებთ მოთმინებისაკენ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტა სახელმწიფო სპეციალური დაცვის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მივლინება გერმანიაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)