Site icon Civil.ge

ხელისუფლებას ‘მაღალი სასულიერო იერარქის’ მკვლელობის მცდელობა აშფოთებს

„მაღალი იერარქიის სასულიერო პირის“ მკვლელობის სავარაუდო მომზადების შესახებ ინფორმაციამ ქართველი პოლიტიკოსების შეაშფოთა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც მომწამვლელი ნივთიერება გადაქჰონდა, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამედიცინო მკურნალობას გადის. თუმცა, მთავარმა პროკურორმა არ დააზუსტა, იყო, თუ არა პატრიარქი მამალაძის სამიზნე.

შოთაძის ბრიფინგიდან ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის სამართალდამცავ სტრუქტურებს „ოპერატიული“ მუშაობისთვის, რის შედეგადაც „აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“.

 „პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე“, განაცხადა პრემიერმა.

„გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა“.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ბერლინში გაემგზავრება და პატრიარქს შეხვდება, რის შემდეგაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

„მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე, მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე დასრულდება.  

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 13 თებერვალს, რომ „ტრაგედია“, რომელსაც შესაძლოა როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის დესტაბილიზაცია მოყოლოდა,  თავიდან იქნა აცილებული.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო „კარგად გათვლილი გეგმა“, რომლის განხორციელება „არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ და მხოლოდ მართმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც 13 თებერვალს ასევე გამოხატა შეშფოთება მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ „ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე“.

საქართველოს საპატრიარქომ 13 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში გიორგი მამალაძის დაკავებას „სრულიად მოულოდნელი“ უწოდა. „ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“, განაცხადეს საპატრიარქოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)