Site icon Civil.ge

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვირამდე მაუწყებლობას წყვეტს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ წყვეტს მაუწყებლობას კვირას დაგეგმილ აქციამდე, რომელიც თბილისში „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავაზე „სამართლიანი“ მართლმსაჯულების მოთხოვნით გაიმართება.

„რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილემ და საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა ტელეკომპანიის სპეციალურ გამოშვებაში 17 თებერვალს გვიან ღამით, რომ არხი „პროტესტის უკიდურეს ზომას“ მიმართავს და „ჩვენი დუმილით შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ“.

„ამ წუთიდან „რუსთავი 2“ გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას სამის ნახევარზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ „რუსთავი 2“ და სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

აქცია პირველად არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა, რომელმაც 14 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავაზე დასასრულს უახლოვდება.

„ამ დღეებში გადაწყდება „რუსთავი 2“-ის, თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის ბედი. ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე“, – განაცხადა გვარამიამ და ივარაუდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ არ იქნება მიღებული.

„ჩვენ ვიკრიბებით და მოვითხოვთ სამართლიანობას და ჩვენი უფლებების დაცვას“, – დასძინა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს სასამართლო დავა აქვთ ყოფილ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა. ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)