სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ენგურის ჰიდროელექტროსადგური 19 თებერვალს დროებით გაჩერდა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 21 თებერვალს.
სამინისტროს განცხადების თანახმად, ენგურჰესი დაახლოებით ორი კვირით გაჩერდება.
„აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ელექტრომომარაგება ძირითადად რუსეთის ენერგოსისტემიდან მოხდება, ხოლო დეფიციტს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ნაწილობრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაზრდილი მოხმარებითაა განპირობებული, საქართველოს ენერგოსისტემა საკუთარი წყაროებით შეავსებს“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ.
„კონკრეტულად, რა რაოდენობის ელექტროენერგიას მიაწვდის საქართველო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას და რა ფასად დამოკიდებული იქნება რეალურ მოხმარებაზე. სხვა პირობებთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ენგურჰესზე 2018 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჰესის დროებითი გაჩერება და სადერივაციო გვირაბის დათვალიერება იგეგმება.
31 იანვარს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ენგურჰესის რეალიბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის მაისში დაიწყება და 40 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)