უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა თავის ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებული წუხილები "კვლავ არსებობს".
Amnesty International-ის 2016/17 წლის ანგარიში 159 ქვეყანაში გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
„როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვრივებლები გამოხატავენ წუხილებს [საქართველოში] სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტი მიმოიხილავს რამდენიმე სასამართლო საქმეს, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავას, თავდაცვის სამინისტროს ე.წ. „კაბელების საქმეს“ და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და „ფართოდ იყო აღიარებული, რომ მის ჩამორთმევას მოქმედი ხელისუფლება უჭერდა მხარს“, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობისთვის „მთავარი მაუწყებელი“ ჩამოერთვა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლება „დიდწილად" უზრუნველყოფილი იყო, თუმცა აქვე აღნიშნულია კონკურენტების წინააღმდეგ მმართველი პარტიის აქტივისტების და ზოგჯერ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ინციდენტები.
ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც წამებას და არასათანადო მოპყრობას ეხება, უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველომ ვერ მოახერხა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებებათა დარღვევებზე „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის“ ჩამოყალიბება.
Amnesty International-მა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სეპარატრისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე მავთულხლართების გავლებამ „უარყოფითი ზეგავლენა“ მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე.
„დე ფაქტო ხელისუფლება და რუსი სამხედროები, რომლებიც განთავსებულები არიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, განაგრძობენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე გადაადგილების შეზღუდვას, აკავებენ ათობით ადამიანს: რამდენიმე დაკავებულმა ხანგრძლივი დაუსაბუთებელი დაკავების დროს წამებისა და არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ცემის შესახებ განაცხადეს“, – ნათქამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)