აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის – ნაბაკევი–ხურჩას და მეორე ოტობაია–ორსანტიას – დაგეგმილი დახურვა „საზიანო იქნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების თავისუფალი გადაადგილებისთვის“ და „სავარაუდოდ, გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით კი დაკავებების რისკებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 28 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ოთხი გამშვები პუნქტიდან ორი დახუროს.
„ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს მუშაობას უსაფრთხოების ზრდისა და კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„უფრო მეტიც, ის ეწინააღმდეგება სიტუაციის ნორმალიზებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ვინაიდან იქმნება ისეთი გარემო, რომელიც კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას და რეგიონის საერთო სტაბილურობას არ უწყობს ხელს “, – აცხადებს მოგერინის პრესსპიკერი.
განცხადებაში ევროკავშირი „მოუწოდებს“, რომ არ დაიხუროს გამშვები პუნქტები, „თავისუფალი გადაადგილების, მათ შორის ჰუმანიტარული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით“.
„ამას გარდა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ უსაფრთხოების ზრდისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი „კვლავაც ყურადღებით გაადევნებს თვალს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე სიტუაციას“ და „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 იანვარს გალში გამართულ 42–ე შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელთაც სეპარატისტულ რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა გამშვები პუნქტების დაგეგმილი დახურვის გამო.
აშშ–ის საელჩომ თბილისში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტების სავარაუდო დახურვის გამო მას შემდეგ, რაც ელჩმა იან კელიმ 26 იანვარს ორივე გამშვები პუნქტი მოინახულა.
ანალოგიური შეშფოთება გამოხატა გაეროს ოფისმა საქართველოში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ მსგავსი შეზღუდვები აფხაზეთში (საქართველო) მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და განვითარების საჭიროებებისთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს“, – აღნიშნა გაეროს რეგიონალურმა კოორდინატორმა, ნილს სკოტმა 26 იანვრის განცხადებაში.
ეს საკითხი ეუთოში აშშ–ის მისიამაც დააყენა. 19 იანვარს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ბირნსმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა „კიდევ უფრო შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის მოსწავლეების და იმ პაციენტების, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“.
იმავე შეხვედრაზე ევროკავშირმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც გამშვები პუნქტების დახურვა „მნიშვნელოვნად შეზღუდავს მოსახლების, მათ შორის, სკოლის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს“ და მოუწოდა, რომ გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ზომები განხორციელდეს.
გალის რაიონის მაცხოვრებლებმა 25 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
ნაბაკევის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ზუგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებში მოსახვედრად სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის ნაბაკევი–ხურჩას გამშვებ პუნქტს იყენებს.
ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარე გამშვებ პუნქტზე სოფელ ჭუბურხინჯის მახლობლად გადის, ადგილობრივებს სულ ცოტა 30 კილომეტრით დაუგრძელებს გზას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)