Site icon Civil.ge

კარასინი: რუსეთი არ შეცვლის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უარყო იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა შესაძლოა შეცვალოს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსკოვი „საბოლოოდ“ შეცვლის ორი რეგიონის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ „ასეთი სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება ხოლმე“ და დასძინა, რომ ეს „ჩვენს მეზობლებში რუსეთის მიმართ უნდობლობის გამოწვევის უხეში მცდელობაა“.

„რას ეფუძნება ისინი რთული გასაგებია… აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც რუსეთის ფედერაციას კეთილმეზობლობა, მეგობრობა და მოკავშირეობა აკავშირებს. ჩვენი ეს პოზიცია იყო და რჩება უცვლელი. თხოვნაა, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროთ“, – განაცხადა მან.

STARVISION-თან 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბრისას ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, სანამ არ იქნება რაიმე პროგრესი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება“.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ „თუ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება“ და „გაჩნდება დინამიკა“ და „მნიშვნელოვანი პროგრესი“ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, თბილისი გადახედავს თავის პოზიციებს.

კითხვაზე შესაძლებლად მიაჩნია, თუ არა აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ „ეს შესაძლებელია და საბოლოოდ ასეც იქნება“.

„არ ვიცი, ეს წელს იქნება, თუ ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება… ვფიქრობ, ბევრი ადამიანი აცნობიერებს რუსეთში, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ დიდი შეცდომა იყო. მე ამას ვხედავ, მე ამას ვგრძნობ და მესმის“, – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძის მიერ ოქტომბერში გაკეთებული განცხადება რუსულენოვან მედიაში 26 თებერვალს გავრცელდა, რასაც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების განცხადებები მოჰყვა.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ აბაშიძის „მცდელობა, რომ წინასწარმეტყველის მანტია მოირგოს და აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკას მისთვის საჭირო მიმართულება მისცეს, და ამასთან ერთად სრულიად შეცვალოს რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობის სტრატეგიული ხასიათი“ უბრალოდ „სასაცილოა“.

„რუსეთის ხელისუფლებამ არა ერთხელ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება და სრულიად უაზრობაა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა რაიმე შემობრუნებას ელოდოს… აფხაზეთის აღიარების საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას თავი დაანებოს ილუზიებს და საღად შეხედოს არსებულ რეალობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააკრიტიკა აბაშიძის კომენტარი და თავის 28 თებერვლის განცხადებაში „წინასწარმეტყველება და მომავლის განჭვრეტა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარება „კარგად გააზრებული და პოლიტიკურად დასაბუთებულია“.

„საქართველოს მიერ გეოპოლიტიკური რეალობების კატეგორიულად მიუღებლობის პოზიცია არ აძლევს საშუალებას მის პოლიტიკოსებს, რომ საღად შეაფასონ რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში მიღწეული პროგრესი, რომელიც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ შეინიშნება“, – განაცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

დე ფაქტო სამინისტრო ასევე შეეხო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ბირთვული ნარჩენების ტრანზიტის თაობაზე და მას „აბსურდი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)