გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა „წუხილი“ გამოთქვა აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დაგეგმილი დახურვის გამო.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 28 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ოთხი გამშვები პუნქტიდან ორი – ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია – დახუროს.
სტეფან დუჟარიკმა 27 თებერვალს აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ორი გამშვები პუნქტის დახურვა „საზიანო იქნება თავისუფალი გადაადგილებისა და მოსახლეობის, მათ შორის, სკოლის მოსწავლეების კეთილდღეობისთვის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის“.
„ვუერთებით სხვა საერთაშორისო პარტრიორებს და მოვუწოდებთ, რომ არ დაიხუროს გამშვები პუნქტები, თავისუფალი გადაადგილების, მათ შორის ჰუმანიტარული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ ხელშესახები პროგრესის მიღწევის საქმეში და თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალონ ამ დისკუსიების მუშაობას“, – განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გამშვები პუნქტების დაგეგმილმა დახურვამ საერთაშორისო დონეზე შეშფოთება გამოიწვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)