Site icon Civil.ge

ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცედურები დაასრულა

კრის აგიუსმა და ანტონიო ტაიანიმ, ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის სახელით, პირველ მარტს ხელი მოაწერეს რეგულაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 90 დღით შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის საშუალებას მისცემს.

ამის შემდეგ რეგულაციის ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში 20 დღის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად შევა, რომელიც უფლებას აძლევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, შიდა უსაფრთხოების დაცვის მოტივით დროებით კვლავ შემოიღონ სავიზო მოთხოვნები.

ბრიუსელში გამართულ ხელმოწერას ასევე ესწრებოდა ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

„საქართველო არის და ყოველთვის იქნება ძალიან სანდო პარტნიოტი ევროკავშირისთვის“, – დაწერა კვირიკაშვილმა თავის Twitter-ზე.

„დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

„საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო. ეს დღეც აუცილებლად დადგება“,- აღნიშნა ჯანელიძემ.

ახალი რეგულაციის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში 180-დღიან პერიოდში 90 დღით საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური მიზნებით გაემგზავრებიან, ვიზები აღარ დასჭირდებათ.