ნატოს პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ „შეშფოთება“ გამოხატა აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დაგეგმილი დახურვის გამო.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 28 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ოთხი გამშვები პუნქტიდან ორი – ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია – დახუროს.
„ამ გამშვები პუნქტების დახურვა, რომელთაც ყოველდღე ასობით მოქალაქე იყენებს, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ადგილზე არსებულ სიტუაციაზე და სტაბილურობაზე რეგიონში. ეს გადაადგილების თავისუფლებას შეზღუდავს და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე იმოქმედებს“, – განაცხადა ოანა ლუნგესკუმ.
„მოვუწოდებთ ამ გასდაწყვეტილების გადახედვისკენ, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება“, – აღნიშნა მან.
„როგორც ვარშავის სამიტზე ითქვა, ნატო განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)