Site icon Civil.ge

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იაპონია „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“ 9 აპრილს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა „აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს“.

„იაპონიის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„იაპონური მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერი მცდელობის დაუშვებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.