საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მას საკუთრების უფლება მიანიჭა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში 2 მარტს გვიან ღამით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აშშ „შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა“.
„პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის წარმომადგენლობამ უფრო თავშეკავებული პოზიცია დაიჭირა 3 მარტს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნა, რომ ის პირველი დღეებიდანვე „აკვირდება“ რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს და ყურადღებით შეისწავლის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, „ისევე, როგორც მის შედეგებს“. ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა დაიცავს „დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“.
„უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
საფრანგეთის საელჩო თბილისში
საფრანგეთის საელჩომ განაცხადა 3 მარტს, რომ ის „ყურადღეით აკვირდება ტელევიზია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედია საშუალებას წარმოადგენს“.
„საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას პრესის თავისუფლების პატივისცემისადმი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა საელჩომ.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
დუნია მიატოვიჩმა 3 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მთავარი დამოუკიდებელი მედია საშუალების, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობები სერიოზულ ზიანს მოუტანს პლურალისტურ მედია გარემოს.“
„არხმა კვლავაც უნდა ისარგებლოს სრული დამოუკიდებლობით და განახორციელოს თავისი პროფესიული საქმიანობა საზოგადოების ინტერესებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
2 მარტს Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან „იმედგაცრუება“ გამოხატა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
„სამწუხარო ქმედება და უზარმაზარი დარტყმა მედია პლურალიზმზე საქართველოში“, – განაცხადა მიატოვიჩმა.
Disappointing move & huge blow to media pluralism in #Georgia ,Supreme Court rules against @Rustavi2tv #freespeech https://t.co/JIsIshkQKd
— Dunja Mijatovic (@Dunja_Mijatovic) March 2, 2017
ევროპის სახალხო პარტია
„რუსთავი 2-ის საქმე არის ტესტი ქართული დემოკრატიისთვის. ქართველ ხალხს შესაძლოა ინფორმაციის ერთადერთი დამოუკიდებელი წყარო წაართვან“, – დაწერა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა Twitter-ზე 2 მარტს.
.@Rustavi2tv case is a test for Georgian democracy. The people of #Georgia might be deprived from the only independent source of information
— Joseph Daul (@JosephDaul) March 3, 2017
„ღრმად შეშფოთებული ვარ „რუსთავი 2“-ის, საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხის, ჩამორთმევის გამო. ესაა დარტყმა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მან.
Deeply concerned by the recent takeover of @Rustavi2tv, the only independent TV channel in #Georgia. A blow to freedom of press & democracy.
— Joseph Daul (@JosephDaul) March 3, 2017
As expected, Georgia’s government waited with takeover of @Rustavi2tv last independent TV
until it got visa-free from naive EU https://t.co/REfmHKyUgV— Jacek Saryusz-Wolski (@JSaryuszWolski) March 2, 2017
ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა სინანული და სერიოზული შეშფოთება გამოხატა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
"უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება დასანანია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოში მედია პლურალიზმს, სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამჭირვალე მედიას. რუსთავი 2 უნდა დარჩეს დამოუკიდებელი და მე მოვუწოდებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადახედოს საქმის წარმოებას და ბრალდებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის თაობაზე“, – განაცხადა მან.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE)
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომ „საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის და აშკარად პრო-დასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ერთადერთი მსხვილი მედიის, რუსთავი 2-ის საკუთრების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ ხელდასმული პირისთვის მიენიჭებინა“.
„ALDE-ს ჯგუფი ევროპარლამენტში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანაში თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემო უზრუნველყოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მხარდაჭერილი ევროპული ღირებულებების ერთგული დარჩეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„რუსთავი 2-ის საკუთრების უფლება ქიბარ ხალვაშს მიენიჭა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის ძმაა და ხელდასმულია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკაზე კონტროლს ინარჩუნებს“, – განაცხადა ALDE-მ.
განცხადება ესპანელი დეპუტატის, ხავიერ ნარტის ციტირებასაც ახდენს, რომელმაც განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „თავისუფალ პრესას კარს უხურავს“.
„დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია ერთი პირის პოლიტიკური, ეკონომიკური და ახლა უკვე მედია ჰეგემონიის გამო, რომელიც შედეგად აკონსტროლოს ხელისუფლებას, ეკონომიკას და ახლა უკვე საზოგადოებრივ აზრს“, – აღნიშნა მან.
„არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი საზოგადოებრივი აზრის გარეშე და ამიტომ არჩევნები მხოლოდ თეატრალური სცენა ხდება. საქართველო ევროპაა, ხოლო ევროპა თავისუფლება და დემოკრატიაა. სოლიდარობის ნიშნად ვუერთდები ქართველ ხალხს და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს“, – განაცხადა მან.