საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მას საკუთრების უფლება მიანიჭა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში „რუსთავი 2“-ის შენობის წინ ტელეკომპანიის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი შეიკრიბა. ტელეკომპანიას პირდაპირი ჩართვა ჰქონდა სტუდიიდან და ტელეკომპანიის ეზოდან, სადაც ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და საქართველოს დემოკრატიას ზიანს მოუტანდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფართო გამოხმაურება მოყვა.
მთავრობა
საქართველოს მთავრობამ 3 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამ საქმემ „უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია“ და „ყველას“ დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა.
„უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ“, -ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობას სწამს, რომ „ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა“. ამავე დროს, განცხადების თანახმად, „მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“.
პრეზიდენტი
3 მარტს სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას პრეზიდეენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა“. მან მოუწოდა მხარეებს, რომ თავი შეიკავონ „მყისიერი ნაბიჯების“ გადადგმისგან.
„რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე, როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი, დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა ასევე გაიხსენა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, რაც „უაღრესად დამაზიანებელი იყო ჩვენი დემოკრატიისათვის“. „აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ“, – განაცხადა მან.
„თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა მოუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
იმ შემთხვევაში, თუ შეიზღუდება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, განაგრძო მარგველაშვილმა, „ეს იქნება პრობლემა არა უბრალოდ ერთი რომელიმე არხის, არამედ ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში“.
„მე არ ვეხები სამართლებრივ დავას, იმ საკითხებს, რომელიც საასამართლოს კონტექსტში განიხილება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის არა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ის ეკუთვნის საზოგადოებას, მოსწონს მას ეს კრიტიკული პოზიცია, თუ არ მოსწონს“, – დასძინა მარგველაშვილმა.
სახალხო დამცველი
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 3 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესების ფონზე იქმნება „განცდა“, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით, შეიძლება „საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედია საშუალების ფუნქციონირებას“.
„ბოლო წლებში, ქართული საზოგადოების მონაპოვარი სწორედ მედია თავისუფლება და მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობა იყო; სწორედ ესაა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. თუმცა, უკანასკნელ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ის რაც ბევრი სირთულის გადალახვით შეიქმნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხს არ მისცემია სათანადო „სამართლებრივი შეფასება“, არც სისხლის სამართლის გზით, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2–ის“ დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მათ 2012 წელსვე მიმართეს პროკურატურას, თუმცა გამოძიება რაიმე შედეგებამდე არ მისულა.
ამიტომ, სახალხო დამცველმა დასძინა, რომ „სამართლიანობის სრულყოფილად აღდგენის განცდის არარსებობასთან ერთად, შესაძლოა მივიღოთ მედია მრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უდავოდ უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაციები
23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 3 მარტს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა,სადაც შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
„როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, რომელიც 23 ხელმომწერ ორგანიზაციას შორის იყო, „რუსთავი 2“-ის შესახებ მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც სასამართლო პროცესში რამდენიმე ხარვეზზეა საუბარი.
3 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „შეშფოთებას“ გამოთქვამს „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ვინაიდან „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში“.
„საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური პარტიები
3 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „კატეგორიულად დაგმო „რუსთავი 2“-ის ჩამორთმევა“ და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა შეინარჩუნოს იმისათვის, რომ შენარჩუნდეს „რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა“.
პარტიამ ასევე განაცხადა, რომ 3 მარტს დაგეგმილი პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე სამომავლო საქმიანობებს დაგეგმავს.
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ 2 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ „საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის და პრო-დასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ერთადერთი მსხვილი მედიის, რუსთავი 2-ის საკუთრების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ ხელდასმული პირისთვის მიენიჭებინა“.
განცხადების თანახმად, „რუსთავი 2“-ის საკუთრების გადაცემა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დაჩქარებს გამოიწვევს.
„ის ერთადერთი მედია საშუალება იყო, რომელიც ბატონ [ბიძინა] ივანიშვილის ქართული ოცნების კონტროლს არ ექვემდებარებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ბატონმა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ჩასვა და პრო-დასავლური პარტიების დევნა განახორციელა … „რუსთავი 2“-ის წართმევა იმის მაუწყებელია, რომ ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში იქნება კონცენტრირებული – რომელიც არ არის არჩეული პირი, საკანონმდებლო ჩარჩის ფარგლებს სცილდება და არანაირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნია“.
ევროპულმა საქართველომ მოუწოდა „საქართველოს ყველა მეგობარს, რომ გვერდში დაუდგნენ ქართულ დემოკრატიას“.