სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის 9 აპრილს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.
7 თებერვალს, გვიან ღამით სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოკლე კომენტარი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კოკოითი ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგიონში არ ცხოვრობდა, „შესაბამისად, არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ ცენზს და არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის“.
„ედუარდ კოკოითის მიერ დოკუმენტების შემოტანის შემთხვევაში, მათ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები შეამოწმებენ და თუ დადასტურდება, რომ ედუარდ კოკოითი საცხოვრებელ ცენზს არ აკმაყოფილებს, ის რეგისტრაციაზე უარს მიიღებს“ – აღნიშნულია კომენტარში.
„ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ნურავის ექნება იმედი, რომ ეს შერჩებათ“, – განაცხადა კოკოითიმ და აღნიშნული თანამდებობის პირების დაუყოვნებელი გადადგომა მოითხოვა. მან ასევე პირობა დადო, რომ სასამართლოში მოწმის სახით გამოიძახებს რეგიონის ამჟამინდელ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს, რათა დაადასტუროს, რომ კოკოითი დროის გარკვეულ მომენტში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
იმავე შეხვედრაზე კოკოითიმ რეგიონის მოქმედი ხელისუფლება არჩევნების წინ სიტუაციის დაძაბვაში და გარე ძალების კარნახით მოქმედებაში .
„კმარა სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის გარედან იმის მითითება, თუ ვინ უნდა ავირჩიოთ, ვინ განვსაზღვროთ და როგორ ვიცხოვროთ ჩვენ აქ“, – განაცხადა კოკოითიმ.
„დღეს, ეს ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან, გვარებს ჯერჯერობით არ დავასახელებ, ისინი არცხვენენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსაც და დარტყმას აყენებენ ყველაზე ძვირფასს, რაც გაგვაჩნია – ეს არის ჩვენი ურთიერთობა საყვარელ რუსეთთან… ვერცერთი პროვოკატორი ვერ მიაღწევს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობები შევცვალოთ“ , – თქვა მან.
7 თებერვალს ცხინვალს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სტუმრობდა, რომელმაც შეხვედრები გაამართა სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ცენტრალური სარჩევნო კომისიის და პარლამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის, პარტიების „ნიხასის“ და „ხალხის ერთობის“ დეპუტატებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვთან, რომელიც პარტია „ერთიან ოსეთს“ წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის პარლამენტში ოთხი პარტიაა წარმოდგენილი, გავრცელებული ინფორმაციით, სურკოვი არ შეხვდა „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს, რომელიც ედუარდ კოკოითისთან ასოცირდება.
იმავე დღეს, სეპარატისტული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ინალ მამიევმა, რომელიც ასევე „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენელია, განაცხადა, რომ კოკოითის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის არ ცხოვრობდა მუდმივად სამხრეთ ოსეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ამიტომ არ აკმაყოფილებს მის მიერვე შემოღებულ საცხოვრებელ ცენზს და დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის იურიდიული საფუძვლები მას არ გააჩნია“,- განაცხადა მამიევმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „თუ ყოფილი პრეზიდენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადს შეიტანს, აუცილებელი შემოწმებების შემდეგ მას არ დაარეგისტრირებენ“.
სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა და სამი კანდიდატი უკვე დაარეგისტრირა, კერძოდ: სეპარატისტული რეგიონის მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, ადგილობრივი პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და დე-ფაქტო ხელისუფლების სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ალან გაგლოევი.
საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი, სეპარატისტული პარლამენტის დეპუტატი ალან კოზონოვი ელის. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად სეპარატისტულ რეგიონში 9 აპრილს ასევე დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ რეგიონს ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.
თბილისი არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ არჩევნებს და რეფერენდუმს, რომელსაც საქართველოში ფართო კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებმა დანიშნულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებები გამოაქვეყნეს და მას „უკანონო“ და „მიუღებელი“ უწოდეს, რუსეთის ფედერაცია კი რეგიონის ანექსიისთვის საფუძვლების მომზადებაში დაადანაშაულეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)