საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და მალაიზიაში საქართველოს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.
პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს, რომელიც 2015-2016 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს პირველ მოადგილედ მუშაობდა.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც 2011 წლიდან საქართველოს ელჩი იყო პოლონეთში, რუმინეთის ელჩის კანდიდატად არის წარდგენილი. მანამდე ნიკოლოზიშვილი საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა სლოვენიასა და სლოვაკეთში (2006-2011) და სომხეთში (1998-2004).
ბრაზილიაში საქართველოს ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დავით სოლომონია წარადგინეს. მანამდე მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ნიკოლოზ აფხაზავა, რომელიც ბოლო დროს საქართველოს ელჩი იყო კორეაში, მალაიზიის ფედერაციაში ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი.
ავსტრალიაში საქართველოს ელჩად გიორგი დოლიძის კანდიდატურა წარადგინეს. 2011 წლის ოქტომბრიდან იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორია.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გელა დუმბაძის კანდიდატურა წარადგინეს, რომელიც 2014 – 2016 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ახლა კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.