საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტზე საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან 14-15 მარტს კონსულტაციები გამართა.
შეხვედრებს არ ესწრებოდა უმრავლესობის წევრები.
"ჩვენ კანონში დავინახეთ ორი ტიპის პრობლემა, პირველი ეს არის თუ რამდენად მართლაც დამოუკიდებელი იქნება ის სტრუქტურა, რომელსაც გვთავაზობენ. ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ უსაფრთხოების სამსახურს რჩება ძალიან ბევრი ბერკეტი ახლად შესაქმნელ სააგენტოზე… ასევე კანონი აწესებს ძალიან დიდ ტვირთს სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის" – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრეზიდენტსა და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
14 მარტს, პრეზიდენტი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებსაც შეხვდა.
პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური კონსულტაციებისა და კანონპროექტზე შესაძლო ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, რომლისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა 21 მარტამდეა, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა.
"ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით, სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც მესამე მოსმენით მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების პაკეტი და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით და ამის საფუძველზე კენჭი ეყრება კიდევ ერთხელ ვეტოს შემთხვევაში", – განაცხადა 15 მარტს ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ისახავს მიზნად, თანმდევი კანონპროექტების პაკეტთან ერთად, მესამე მოსმენით რიგგარეშე სესიაზე 1 მარტს მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანო იქნება, რომელიც თავის უფლებამოსილებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელებს.
სააგენტოს უფროსს, რომელსაც შვიდი წევრისგან შემდგარი კომისია შეარჩევს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
კანონპროექტის მიხედვით შვიდი წევრისგან დაკომპლექტებულ სპეციალურ კომისიას, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი და მთავრობის წარმომადგენელი შედიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სააგენტოს უფროსობის არანაკლებ სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაც კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით ერთს შეარჩევენ, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება.
სააგენტოს უფროსის დანიშვნა უნდა მოხდეს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება.
ამ მიზნით უნდა განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს; ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.
კანონპროეტის განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არაერთი საპროტესტო განცხადება მოჰყვა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ახალი კანონის მიღებით ვითარება არ იცვლება.
"მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ "ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო პარლამენტში იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიღებულიყო".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით კი, პარტია კანონპროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა და საერთაშორისო ინსტანციებსაც მიმართავდა, "რომ ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალდნენ ამ ანტიკონსტიტუციური კანონით, რომელიც პირდაპირ ზღუდავს და ერევა მათ თავისუფალ ცხოვრებაში".
ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც ამ კანონპროექტზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს თავმჯდომარეობდა, 1 მარტს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა არგუმენტი და შენიშვნა გაითვალისწინეს „რომელიც შეიძლება ყოფილიყო მხარდაჭერილი".
საკითხის მესამე მოსმენამდე პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი 16 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ევროპულმა საქართველომ" წარმოადგინა, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა და ითვალისიწნებდა საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებელი სააგენტოს ჩამოყალიბებას; სააგენტოს საქმიანობის კანონიერების უზრუნველსაყოფად – საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას და ფარული მიყურადების განხორციელებისას “ორგასაღებიანი” სისტემის შემოღებას.
თუმცა, აღნიშნულ პროექტს საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტოს უტოვებდა საკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის ბერკეტს 2014 წელს მიიღო. იმავე წლის ნოემბერში პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც მაშინდელმა პარლამენტმა დაძლია.
მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო მოძრაობა "ეს შენ გეხება" წევრებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ცალ-ცალკე სარჩელით მიმართეს, რათა მას არაკონსტიტუციურად ეცნო შსს-თვის დატოვებული შესაძლებლობა „შეუზღუდავი“ წვდომა ჰქონოდა მობილური ოპერატორების სერვერებთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 14 აპრილს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მათი ორი წლის ვადით შენახვის საშუალებას აძლევდა და კანონმდებლებს მოქმედი რეგულაციების შეცვლისთვის და შემდეგ ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის „ობიექტურად საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი განუსაზღვრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)