Site icon Civil.ge

აშშ აფხაზეთის არჩევნებს არ აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატები „სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და „არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე“, განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში 16 მარტს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაგმო „გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი მიმართული საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ; და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს.“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.