Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მარგველაშვილი აზერბაიჯანს ესტუმრა


პრეზიდენტი მარგველაშვილი ბაქოს გლობალურ ფორუმზე, 16 მარტი, 2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 16 მარტს ბაქოში ჩავიდა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე მე-5 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ორდღიან ფორუმს სახელწოდებით „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალები და ინტერესები“ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა და მასში 53 ქვეყნიდან დაახლოებით 300 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა და პოლიტიკოსმა, ასევე ექსპერტებმა საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში.

ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ ფორუმის ფარგლებში საპანელო განხილვა გაიმართა თემაზე „საგარეო ურთიერთობების მომავალი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, მათ შორის ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა, მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა, ალბანეთის პრეზიდენტმა ბუიარ ნიშანიმ, მონტენეგროს პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საუდის არაბეთის პრინცმა ტურკი ალ-ფაისალმა.

სხდომაზე თავის შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში „გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის მონაწილეა“.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და აფრიკაში და გვჯერა, რომ ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო სტაბილურს გახდის საქართველოს. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველო სამწუხარო მაგალითია იმ საერთაშორისო ურთიერთობების თვალთმაქცობის, რომელიც პრივილეგირებული ინტერესების სფეროს კონცეფციაზეა აგებული“, – განაცხადა მან. 

„საქართველო ოკუპირებულია მეზობელი, ძალიან ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს, რუსეთის მიერ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„რუსულმა არმიამ ოკუპაცია 2008 წელს დაიწყო, თუმცა საქართველო მანამდეც, 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებისასაც იყო ჰიბრიდული ომის მსხვერპლი… ეს ის ფაქტია, რომელსაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფაქტის აღიარება მიგვიყვანს უფრო ნათელ გადაწყვეტილებებსა თუ ხედვებამდე“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოში 2008 წელს რუსეთის ქმედებებს „მკაფიო“ საერთაშორისო რეაქცია არ მჰოყვა, ანალოგიური კრიზისი უკრაინაში წარმოიშვა.

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის აგრესიის დაგმობისას ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გულახდილნი და არა თვალთმაქცნი, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად ძლიერი, თუ ნაკლებად ძლიერი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ხორციელდება აგრესია მეზობლის მიმართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ასევე შეეხო მოსკოვის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არმია განწესდა, რომელიც რუსულ სამხედრო კონტროლს ექვემდებარება“.

„ეს არის ის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების დაცინვას ცდილობს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

16 მარტს მარგველაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა. 

პრეზიდენტებმა საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ როგორც „აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელი“, ასევვე აზერბაიჯანის ენერგორესურსების „საიმედო გამტარი“, საქართველო „ღრმადაა დაინტერესებული“ ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის განვითარებით.

საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტს, რომელიც, პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით „საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ „მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე“. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი „ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა“. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ილჰამ ალიევი მიესალმა „ორი ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და აზერბაიჯანი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს“, რაც მისი თქმით, „მნიშვნელოვან როლს თანაშობს რეგიონში და ზოგადად, საერთაშორისო არენაზე“. 

ბაქოს გლობალური ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ალბანეთის და მონტენეგროს პრეზიდენტებთანაც გამართა შეხვედრები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)