Site icon Civil.ge

რუსული არმია სამხრეთ ოსეთის დანაყოფებს შეიერთებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოიწონა შეთანხმება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, რომელიც სეპარატისტული რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლას უზრუნველყოფს.

რუსეთის პრეზიდენტის 14 მარტის განკარგულება ავალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები გამართოს სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროსთან და ხელი მოაწეროს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის სახელით. მართალია, ჯერ დოკუმენტი დასრულებული არ არის, თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ისეთი ცვლილებების შეტანა დაევალა შეთანხმების პროექტში, რომელთაც პრინციპული მნიშვნელობა არ ექნებათ.

შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სამხედრო სამსახური სეპარატისტულ რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გაიარონ.

მოსკოვის მიერ აღიარებული იქნება მათი მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, ასევე მათი სამხედრო წოდებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსური არმიის წარმომადგენლები იგივე წოდებით შეუერთდებიან რუსულ არმიას, რომელიც მათ თავიან შეიარაღებულ ძალებში მიიღეს და შედეგად, შეძლებენ, რომ იგივე პრივილეგიებით და ხელფასებით ისარგებლონ, როგორიც რუს სამხედროებს აქვთ.

რუსულ არმიაში სამხედრო სამსახურის დაწყებისას, სამხედრო მოსამსახურეებს მოუწევთ სამხეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების დატოვება. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შემცირდება რუსეთის სამხედრო ბაზის დანაყოფების საშტატო რაოდენობამდე; ამასთანავე, მოხდება „ამოცანების და სტრუქტურის“ შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ახალ საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაზე გადასვლა 6 თვის ვადაში დასრულდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საშტატო-სატაბელო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ. შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მხარეები შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს დაასრულებენ.

შეთანხმების პროექტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესების შესახებ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის 18 მარტს მოაწერეს ხელი 25 წლის ვადით.