საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს, არცერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება".
"დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამრთლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე, – განაცხადა ეკა მიშველაძემ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
სავარაუდოდ ეს განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან 13 მარტს გაკეთებულ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ისინი"რუსთავი2" -ის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.
ახლახან დანიშნულმა ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 13 მარტს გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მთლიანი ქონება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადადის, „რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ძალაში შევა“, თუმცა სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე "ხელისუფლება აღსრულებას არ გეგმავს".
სტრასბურგში განთავსებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, "შემდგომ პროცედურებამდე" გაახანგრძლივა ამავე სასამართლოს მიერ 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს, უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩეროს.
განათლების მინისტრმა ამ საკითხზე 17 მარტს დამატებითი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ "კვირის პალიტრასთან" მიცემული ინტერვიუდან საზოგადოების მიერ "არასწორად იქნა გამოტანილი" აზრი.
13 მარტს ამ საკითხზე ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ეს არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო… და არ ცვლის ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას".
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ თავის ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1999 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც გაცხადდა, რომ "ვიზიარებთ და მზად ვართ დავიცვათ ევროპული ფასეულობები".
მისი თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე" რუსთავი 2"-თან მიმართებაში კომენტარი 14 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამაც გააკეთა.
"ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების პრიორიტეტის დაყენება საკუთრების თავისუფლების წინაშე ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ვთვლი, რომ აქ არის რისკების შემცველი. მე, როგორც ეკონომიკის ზრდაზე და სწრაფ ეკონომიკის ზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალზე სახიფათო და რისკის შემცველია აღსრულების ინსტრუმენტების და მექანიზმების მსგავსი შეჩერება, რომელსაც მომავალში შეიძლება საკუთრების უფლების რისკის ქვეშ დაყენების რაღაც პოტენციალი გააჩნდეს", – განაცხადა 14 მარტს გიორგი გახარიამ.
მოგვიანებით იუსტიციის საბჭოს წევრმა, იურისტმა ევა გოცირიძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ სამ მოსამართლეთა შორის ერთ-ერთი იყო და საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა, "რუსთავი 2"- ის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვრცელი კრიტიკული წერილი დაწერა, რომელიც "კვირის პალიტრამ" 14 მარტს გაავრცელა.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ტელეკომპანია რუსთავი-2-თან დაკავშირებულ სამოქალაქო დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება, სერიოზული გამოწვევაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის და ვგონებ, არა მარტო საქართველოს მართლმსაჯულებისათვის. პირადად ჩემი აზრით, ხსენებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებათა დაცულობაზე ევროპული კონტროლის დამკვიდრებულ ფარგლებს, იმავდროულად, არღვევს სუბსიდიურობის პრინციპს, რომელსაც კონვენცია ემყარება, სტრასბურგის სასამართლოს უთავსებს მე-4 ინსტანციის სასამართლოს როლს, და შეუძლია გამოიწვიოს არაერთი პრაქტიკული სირთულე", – ნათქვამია წერილში.
გოცირიძის ამ წერილს, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.
"იმ შემთხვევაში, თუ ყოვლად უპასუხისმგებლო აზრები გადაიქცევა მთავრობის გადაწყვეტილებად და მთავრობა არ დაემორჩილება ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველო აღმოჩნდება დაპირისპირების რეჟიმში მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან. ეს არის გზა უფსკრულისკენ და ეს არის გზა რუსეთის ფედერაციისკენ,“ – განაცხადა "მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
"რა თქმა უნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეიძლება ქვეყანა უგულვებელყოფით მოექცეს, მაგრამ ასე იქცევა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანიდან ერთადერთი სახელმწიფო – ეს არის რუსეთი", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს შეჩერების მექანიზმს, აქამდე გამოყენებული არ ყოფილა" და "ამან რა თქმა უნდა გარკვეული კითხვები გამოიწვია, მათ შორის, საერთაშორისო სხვადასხვა უწყებებშიც… მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არის სასამართლო, არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო, ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ღირსეულ წევრს".
მოკლე კომენტარი გააკეთა ევა გოცირიძის წერილთან დაკავშირებით 15 მარტს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომლის თქმითაც, „სასიხარულოა, რომ ქალბატონი ევა სწორედ იმ დარღვეული პროცედურების შესაბამისად და იმ კამპანიის გამო, არ მოხვდა და არ არის მოსამართლე საქართველოდან".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)