ავსტრალიამ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებს სეპარატისტულ აფხაზეთში და 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმს.
„ავსტრალია არ აღიარებს აფხაზეთში ცოტა ხნის წინ გამართულ არჩევნებს და მომავალ რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთში; ის ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – Twitter-ზე ავსტრალიის ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯილიენ ბერდმა გამოაქვეყნა.
12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.
სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა, ნატომ, კანადამ, ესტონეთმა, ლიტვამ, ფინეთმა და აზერბაიჯანმა დაგმეს და მას არალეგიტიმური უწოდეს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე დაგეგმილია ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.
სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და პოლონეთმა.