12 მარტის საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში და 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი „უკანონოა და ვერ დაეხმარება საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის აღდგენას ამ ორ რეგიონზე“, აღნიშნა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ 21 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
ეს ინიციატივები „მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ რეგიონების საერთაშორისო თანამეგობრობისგან შემდგომ იზოლაციას“, – განაცხადა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ.
„ევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის გამოხატავდა მხარდაჭერას წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიგვაჩნია, რომ ეს მთლიანობა რეგიონული განზომილების დადებითი განვითარების პირველი გარანტია ჩვენს ქვეყნებში“, – დასძინა მან.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც ევროპის 47 ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 648 წარმომადგენელს აერთიანებს .
12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.
სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა, ნატომ, კანადამ, ესტონეთმა, ლიტვამ, ფინეთმა და აზერბაიჯანმა დაგმეს და მას არალეგიტიმური უწოდეს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე დაგეგმილია ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.
სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და პოლონეთმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)