ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, 23 მარტი, 2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უძღვებოდა და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, 23 მარტს გაიმართა, სადაც შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, თავდაცვის რეფორმა და ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს.
სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ბრიუსელში დაგეგმილ NATO-ს სამიტს და სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯებს.
„თქვენ იცით, რომ ბრიუსელის სამიტზე მარტო NATO -ს წევრი ქვეყნები არიან მოწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას – კოორდინირებულად იმოქმედონ თავდაცვამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ნატოს ძალისხმევის თაობაზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში საქართველოს წვლილს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ მონაწილეებმა ასევე აფხაზეთში რუსეთის „მილიტარიზაციის“ შესახებ ისაუბრეს. მას მხედველობაში ჰქონდა მედიით ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში S-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემები განათავსა.
„ის პროცესი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, არის გამოწვევა საქართველოსთვის… ცხადია, ეს გამოწვევა სცდება საქართველოს მასშტაბს და მიმართულია შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის შესუსტებაზე. ეს არის კომპლექსური საკითხი. ამ საკითხში საქართველო მარტო არ არის და შესაბამისად, ჩვენ ისიც განვიხილეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ თავის პარტნიორებთან ერთად, რომ ასეთი სახის საფრთხეები შემცირდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
15 მარტს უკრაინის მედია პლატფორმამ InformNapalm ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ სეპარატისტულ აფხაზეთში S-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემების ტრანსპორტირებაა ნაჩვენები.
დავით რაქვიაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გააკეთა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ინფორმაციით, ეს დასტურდება. მიმდინარეობს რაღაც გადაადგილებები“.
„ეს კიდევ ერთხელ ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს რუსეთის, შავი ზღვის რეგიონში, რაც თავისთავად ცვლის სამხედრო ბალანსს. ეს პროცესი კიდე უფრო სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ 2007 წლიდან, როდესაც რუსეთმა დატოვა ე.წ. კონვენციური შეიარაღების ხელშეკრულება, მას მერე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო სიძლიერის გაზრდა, პრაქტიკულად, მთლიანად უკონტროლოა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ „ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი ის გამაღიზიანებელი ფაქტორია“, რამაც რუსეთის ქმედებები გამოიწვია.
„უფრო მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, არის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მიმართული საფრთხეები. ამ ქმედებებით რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას, თავის სამხედრო შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში. და შესაბამისად ამას არა მარტო საქართველოს მხრიდან ჭირდება რეაგირება, არამედ შავი ზღვის ნატოს ქვეყნებიდან ჭირდება რეაგირება, ყველა ჩვენი პარტნიორისგან ჭირდება რეაგირება, და ჩვენ ამ რეაგირებისთვის ჩვენს პარტნიორებს, ცხადია, დაუყოვნებლივ მივმართავთ“, – განაცხადა მან.
23 მარტის სხდომას პრეზიდენტ მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად ასევე დაესწრნენ დავით რაქვიაშვილი; თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რომლებიც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან, საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამო სხდომას არ დაესწრნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, რომლებიც ასევე საბჭოს წევრები არიან, სხდომას არ დასწრებიან და ამის მიზეზად ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომა დაასახელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)