სეპარატისტული აფხაზეთის 35-წევრიან პარლამენტში 12 მარტს და 26 მარტს გამართული არჩევნების ორი ტურის შედეგად სულ ცოტა 30 ადგილს საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატები დაიკავებენ, განაცხადეს ადგილობრივმა მედია საშუალებებმა ორშაბათს.
საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტის მოსაპოვებლად 26 მარტს სეპარატისტულ რეგიონში არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
გუდაუთის ერთ-ერთ ოლქში განმეორებითი არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
არჩევნებში მონაწილე 28 მოქმედი დეპუტატიდან მხოლოდ რვამ შეძლო საპარლამენტო მანდატების შენარჩუნება.
არჩეულ დეპუტატებს შორის 31 ეთნიკური აფხაზი და 3 ეთნიკური სომეხია. მხოლოდ ერთმა ქალმა გაიმარჯვა არჩევნებში.
22 ადგილიდან, რომელთა მოსაპოვებლადაც მეორე ტური გაიმართა, მხოლოდ ერთმა პარტიამ შეძლო მანდატების მოპოვება: სახელისუფლებო პარტიას „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“ საკანონმდებლო ორგანოში სამი წევრი ეყოლება.
ოპოზიციური პარტიის „აინარის“ ერთმა კანდიდატმა საპარლამენტო მანდატი პირველივე ტურში მოიგო.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 137 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 8 ქალი და 28 მოქმედი დეპუტატი. მათგან მხოლოდ 24 იყო პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი; დანარჩენები კი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.
აფხაზი დეპუტატები მაჟორიტარული სისტემით ხუთწლიანი ვადით ირჩევიან.
სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნებისთვის 131 523 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი 2011 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლებია, ვინაიდან გალის რაიონის მკვიდრი ათასობით ეთნიკური ქართველი ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს.
სეპარატისტული რეგიონის 1999 წლის კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა; მისი 35-წევრიანი პარლამენტი უფლებამოსილია კანონმდებლობის ინიცირება განახორციელოს და ის პრეზიდენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად; აღმასრულებელ ხელისუფლებასაც საკუთარი კანონმდებლობის წარდგენა შეუძლია. პარლამენტის მიერ მის დამტკიცებას 18 ხმა ესაჭიროება.
სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგრობობა, გარდა რუსეთისა დარამდენიმე ქვეყნისა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.