იბრაგიმ გასიევი და სერგეი შოიგუ, მოსკოვი, 2017 წლის 31 მარტი. ფოტო: საინფორმაციო სააგენტო „რესი“
მოსკოვმა და ცხინვალმა 31 მარტს ხელი მოაწერეს ახალ სამხედრო შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლას უზრუნველყოფს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ“ დოკუმენტთან ერთად მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ცალკე შეთანხმებას საფელდეგერო სამსახურის საქმიანობის შესახებ.
31 მარტს ხელმოწერის ცერემონიაზე საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელიც დოკუმენტების ერთერთი ხელმომწერია, განაცხადა, რომ შეთანხმებები „ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას“ და საომარი მოქმედებების განახლების წინააღმდეგ „კიდევ ერთი ფაქტორი გახდება“. „რუსეთმა ყველა ღონე იხმარა სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერად, რომელიც მოწინააღმდეგის აგრესიას იგერიებდა, და პირველმა აღიარა მისი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა შოიგუმ.
სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასიევმა, რომელმაც ცხინვალის სახელით მოაწერა დოკუმენტს ხელი, განაცხადა, რომ ეს შეთანხმებები „ძალიან მნიშვნელოვანია“ სამხრეთ ოსეთისთვის.
„რუს კოლეგებთან ერთად შეთანხმების მომზადების პროცესში დიდი პროდუქტიული სამუშაო განხორციელდა. როდესაც ამის საჭიროება არსებობდა, შესაბამისი კომპრომისებიც გამოინახა. ახლა ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვას და უსაფრთხოებას, შევქმნით წინაპირობებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის უწყებების აქტიური ურთიერთქმედებებისთვის“, – განაცხადა მან.
გასიევის თქმით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები შეძლებენ, რომ სამხედრო სამსახური სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გაიარონ. „ამასთანავე, მათზე გავრცელდება ყველა ის გარანტია და პრივილეგიები, რომლითაც რუსი სამხედროები სარგებლობენ“, – განმარტა მან.
იბრაგიმ გასიევმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ „სამხედრო-პოლიტიკური, არამედ დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობისაა“, ვინაიდან ის სეპარატისტული რეგიონის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღიარების საშუალებას იძლევა.
იარსებებს თუ არა რეგიონის არმია?
შეთანხმების თანახმად, სეპარატისტული რეგიონის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ორი გზით შევა: რამდენიმე დანაყოფი რუსეთის სამხედრო ბაზას შეუერთდება, ხოლო დანარჩენების რაოდენობა რუსეთის სამხედრო ბაზის დანაყოფების საშტატო რაოდენობამდე შემცირდება; ამასთანავე, მოხდება „ამოცანების და სტრუქტურის“ შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან.
გაერთიანების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები ან ფორმალურად იქნება ინტეგრირებული რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ან პრაქტიკულად რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება. თუმცა, რეგიონის ლიდერები საწინააღმდეგოს აცხადებენ.
რეგიონის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან 31 მარტს გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი საკითხი“, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მისი „პირველი ოფიციალური ვიზიტის“ დროს იდგა დღის წესრიგში „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდგომ ფუნქციონირებას“ ეხებოდა. „ჩვენ შევძელით, რომ არგუმენტირებულად გადაგვეცა ჩვენი პოზიცია რუსული მხარისთვის და მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის შენარჩუნებას. დღეს ჩვენი არმია ბრძოლისუნარიანია და დიდი პოტენციალი გააჩნია“, – განაცხადა თიბილოვმა.
სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ამ საკითხზე ერთი დღით ადრეც ისაუბრა. რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, მან 2016 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინში მან „სრული გაგება“ დაინახა, იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთს უნდა ჰყავდეს თავისი, თუნდაც არც ისე დიდი, მაგრამ მანევრირებადი არმია. „და ჩვენ ამ პოზიციას ვინარჩუნებთ“, – დასძინა მან.
ახალ შეთანხმებაზე საუბრისას, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს რეგიონის არმიის „ყველა შენაერთის“ გაერთიანებას რუსულ არმიაში. „მხოლოდ [ცალკეული] სამხედროები და არა შენაერთები შევლენ რუსულ არმიაში და ეს სამხედროები … რუსულ შენაერთებში იქნებიან აღრიცხულნი“, – განმარტა მან.
„პირველ ეტაპზე ჩვენ 100-150 ჯარისკაცზე ვსაუბრობთ“, – განაგრძო თიბილოვმა. „ის სამხედროები, ვინც ვერ გაივლიან შერჩევის ეტაპს, თავის დანაყოფებში დარჩებიან… ასე რომ, ჩვენი არმიის დამოუკიდებლობა არ იზარალებს, არმია დარჩება და მისი საშტატო განრიგიც შენარჩუნდება“, – დასძინა მან.
თბილისის გამოხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო „საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა“ და განაცხადა, რომ „აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელებას“.
„რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები და ცალსახა აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლისაკენ“, – განაცხადა სამინისტრომ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია „სერიოზულ ზიანს აყენებს“ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და „მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესის მიღწევას“.
„კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოსკოვი კვლავ უარს აცხადებს ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე და ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, – განაცხადა სამინისტრომ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“.
მან ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით“.
საერთაშორისო გამოხმაურება
30 მარტს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
„სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია და ამიტომ, ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს, როგორც სხვა რამეს, თუ არა საქართველოს ნაწილს. და ჩვენ ეს მხარდაჭერა უკვე რამდენჯერმე გამოვხატეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოსთვის როგორც ძლიერი პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის გამოხატვას.
მისი თქმით, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევისა და ჟენევის დისკუსიებისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.
შეთანხმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესების შესახებ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის 18 მარტს მოაწერეს ხელი 25 წლის ვადით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)