აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველი პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო პოტენციურ ამომრჩეველთა 30%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს; მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 15% და მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო – 8%-ით.
კვლევა, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, კვლევების ორგანიზაციამ Baltic Surveys ჩაატარა IRI-სთვის 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდში. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების დროს 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა; მისი ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ს შეადგენს.
ქართულ ოცნებას, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით ხმების 48.68% მიიღო, პოტენციურ ამომრჩეველთა 30% უჭერს მხარს (2016 წელს – 21%; 2015 წელს – 36%), კვლევის იმ ნაწილის თანახმად, რომელიც მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის რესპონდენტების წინასწარ განწყობებს ამოწმებს.
ნაციონალურ მოძრაობას 15%-იანი მხარდაჭერა აქვს (2016 წელს 20%); შემდეგ მოდის მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო – 8%; ლეიბორისტული პარტია – 6% (2016 წელს 8%); საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 4% (შარშანდელის ანალოგიური); თავისუფალი დემოკრატები – 3% (2016 წელს 13%). რესპონდენტების 13%-მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, ხოლო 19%-მა ან არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
კვლევა პოლიტიკოსების რეიტინგებსაც აფასებს, რომელშიც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიდერობენ 67% და 65%-ით, ხოლო მათი არაპოპულარობის რეიტინგი შესაბამისად 30% და 28%–ია.
შემდეგ მოდიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე, და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 55%, 50% და 48%-ით, შესაბამისად.
ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის ბაქრაძე და უსუფაშვილი ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ, შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 39%-ით.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პოპულარობის რეიტინგი 37%-ია; შემდეგ მოდის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – 35%-ით და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე – 32%-ით.
ეს პოლიტიკური რეიტინგები უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც ასევე აფასებს საზოგადოების დამოკიდებულებას მრავალი სხვა საკითხის მიმართ.
გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გზით უნდა იქნას არჩეული, ხოლო 5% ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საპარლამენტო არჩევას ემხრობა.
გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება (2016 – 70%; 2015 – 55%). 21% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (2016 – 16%); 14%-მა ან არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
ნდობის რეიტინგში ინსტიტუციებს შორის, ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს 88%-ით (2016 – 89%); შემდეგ მოდის ჯარი – 86%-ით (გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი); მედია – 74%-ით (გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი); პოლიცია – 59% (2016 – 50%); პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 55% (2016 – 46%); განათლების სისტემა – 52% (2016 – 50%); ცენტრალური საარჩევნო კომისია – 40% (2016 – 38%); პარლამენტი – 39% (2016 – 34%); ომბუდსმენის აპარატი – 39% (2016 – 29%); მთავრობა – 38% (2016 – 36%); სასამართლოები – 41% (2016 – 27%).
საერთაშორისო ურთიერთობები
კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას (2016 წელს ეს მაჩვენებელი 85% იყო), ხოლო საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა 82%-ს შეადგენს (2016 წელს – 79%).
რესპონდენტების 23%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ „პრო-ევროკავშირული/პრო-დასავლური“ უნდა იყოს, ხოლო 53% მიიჩნევს, რომ ის „პრო-დასავლური“ უნდა იყოს, თუმცა იმავდროულად ქვეყანამ რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობები. 12%-ს სურს, რომ საქართველო „პრო-რუსული“ იყოს, თუმცა ამავე დროს დარჩეს ევროკავშირის/დასავლეთის მოკავშირე, ხოლო 3%-ს უნდა, რომ საქართველო მხოლოდ „პრო-რუსული“ იყოს.
საქართველოს მთავრობის ურთიერთობებს რუსეთთან რესპონდენტების 54% დადებითად აფასებს (2016 წელს – 59%), ხოლო 35% უარყოფითად (2016 წელს – 29%). რესპონდენტების 73%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი „საფრთხეს“ წარმოადგენს (2016 წელს – 71%).
მედია
ქართული ტელეარხები მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ დარჩა რესპონდენტების 93%-ისთვის (2016 წელს – 94%). შემდეგ მოდის ქართული ინტერნეტ სიახლეები და Facebook – 21% და 13%, შესაბამისად (2016 წელს – 15% და 9%).
რესპონდენტების 7% საერთაშორისო მოვლენებზე ინფორმაციის მთავარ წყაროდ რუსულ ტელევიზიებს ასახელებს, (2016 წელს – 9%).
რესპონდენტების 80% აცხადებს, რომ ისინი რეგულარულად უყურებენ ტელეკომპანია „იმედს“ (2016 წელს – 78%). რუსთავი 2-ის მაჩვენებელი, რომელიც შარშან სიის სათავეში იყო 80%-ით, 78%-მდე შემცირდა. მაესტროს და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, თითოეულს 28% აქვს.
რესპონდენტების 44% რუსთავი 2-ს ენდობა (2016 წელს – 46%), ხოლო 33% იმედს უცხადებს ნდობას (2016 – 25%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)