Site icon Civil.ge

ქართველი დეპუტატები საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას დაესწრნენ


ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, 2 აპრილი, 2017. ფოტო: საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტის ექვსწევრიანმა დელეგაციამ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 1-5 აპრილს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 136-ე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

ასამბლეის ფარგლებში, ქართველმა დეპუტატებმა მთელი რიგი მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს შვედეთის, გერმანიის, ირლანდიის, ეგვიპტის, კანადის, ბრაზილიის, ჩეხეთის, რუმინეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდონეზიის, შრი ლანკას, ბუტანის, ქუვეითის, არგენტინის, სურინამის, მოროკოს, ბანგლადეში, ეთიოპიის და ფიჯის პარლამენტების წარმომადგენლებთან.    

მხარეებმა შეხვედრებზე მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევე იმსჯელეს კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზეც.

„არის სრული მხარადჭერა მათი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ვაცნობთ ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმების განვითარების პროცესს საქართველოში და განვიხილავთ სამომავლო თანამშომლობის პერსპექტივებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ 3 აპრილს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი ფორმატია საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებისთვის“, – დასძინა მან.

საპარლამენტთაშორისო კავშირი პარლამენტების საერთაშორისო ფორუმია, რომელიც 171 წევრ პარლამენტს (საქართველოს პარლამენტის ჩათვლით) და 11 ასოცირებულ წევრს აერთიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)