Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 6 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დელიში გაემგზავრება, ხოლო მას შემდეგ, რაც „რამდენიმე თვეში“ მთავრობა ამ საკითხზე კვლევას მოამზადებს, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებებს. გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ“, – დასძინა მან.

ინდოეთი სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის  საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ინდოეთთან 99 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 54.9%-ით გაიზარდა და 22 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 52.8%-ით გაიზარდა და 77 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.