Site icon Civil.ge

ევროპარლამენტარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს გმობს

პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფიდან 6 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა.

მისი თქმით, „ეგრეთ წოდებული“ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „ძალადობრივი დევნის არაერთი ტალღის და ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ფონზე“ იმართება.

ანა ფოტიგამ ხაზი გაუსვა, რომ „ორივე რეგიონში ძალისმიერი გზით შეცვლილი დემოგრაფიული ვითარების ლეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია“.

ევროპარლამენტარმა დაგმო „9 აპრილს სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი, რომელიც რეგიონის სახელის შეცვლას ისახავს მიზნად“ და უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადების მცდელობას წარმოადგენს. „საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პროვოკაციულ მცდელობას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან ეტაპობრივად მიერთებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მან.

მან ასევე „მკაცრად დაგმო“ ე.წ. შეთანხმება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

„ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის/სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო“, – განაცხადა მან.

ფოტიგას თქმით, ევროკავშირმა „მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად აფერხებს ნებისმიერი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას სამშვიდობო პროცესში“.

„ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას“, – განაცხადა მან. „ამგვარი ქმედება მიმართულია თავისუფალი გადაადგილებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების შემდგომი შეზღუდვისაკენ, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტის შედეგად გაყოფილ რეგიონში ნდობის აღდგენის პროცესში“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

ანა ფოტიგამ, რომელიც ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ქვეკომიტეტი „განაგრძობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე დაკვირვებას და შეფასებას“.