Site icon Civil.ge

აშშ გმობს სამხრეთ ოსეთის არჩევნებს და რეფერენდუმს

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს გადაწყვეტილებას, რომ 9 აპრილს ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური სახელის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიად გადარქმევის თაობაზე“, განაცხადა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ტონერმა 7 აპრილს.

„ჩვენ ასევე ვგმობთ და არ ვაღიარებთ აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარებულ უკანონო არჩევნებს და ასევე სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ არჩევნების შედეგებს“, – აღნიშნა მან.

მარკ ტონერმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“ და რომ უკანონო არჩევნები და რეფერენდუმი „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე“ იმართება.

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – დასძინა ტონერმა.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე იმართება ე.წ. რეფერენდუმი რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რასაც თბილისში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, იაპონიამ, პოლონეთმა და უკრაინამ.