აზერბაიჯანმა, ესტონეთმა, ფინეთმა და ლიტვამ 9 აპრილს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დაგმეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილს განაცხადა, რომ ის არ აღიარებს „სამხრეთ ოსეთში 2017 წლის 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს, ასევე მათ შედეგებს“.
სამინისტრომ განაცხადა, რომ „საჭიროა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების შესაბამისად“.
10 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევის თაობაზე“.
„ესტონეთი ამ ქმედებებს უკანონოდ მიიჩნევს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“, – განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ ამგვარი ქმედებები „ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას ზიანს აყენებს“.
ქვეყანამ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები „საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“.
„ფინეთი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, პაივი პელტოკოსკიმ.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ის არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომელშიც ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა, ასევე მათ შედეგებს“.
„გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ამ რეგიონის ანექსიისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს“, – ნათქვამია განცხადებაში.