Site icon Civil.ge

კრემლი: ბიბილოვის გამარჯვება ‘დამაჯერებელია’

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩეულ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს მისალოცი ბარათი გაუგზავნა, განაცხადა კრემლმა 10 აპრილს.

„მიიღეთ გულწრფელი მილოცვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია მისალოც ბარათში.

პუტინმა ხაზი გაუსვა „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეს“. მისი თქმით, იგი „დარწმუნებულია“, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები „კიდევ უფრო განვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე“.      

რუსეთი კვლავაც აღმოუჩენს სამხრეთ ოსეთს "სრულმასშტაბიან" მხარდაჭერას "სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაჭრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", განაცხადა მან. 

სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეა, თავის ოპონენტს, რეგიონის მოქმედ ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს ხმების 57.9%-ით მოუგო არჩევნები. ამ უკანასკნელმა ხმების 30% მიიღო. შედეგები წინასწარია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მნიშვნელოვნად შეიცვალოს მანამ, სანამ კომისია ხუთ დღეში შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. 10 აპრილს თიბილოვმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ „ხალხის არჩევანის პატივისცემაა საჭირო“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)