Site icon Civil.ge

სურკოვი: ბიბილოვის გამარჯვება ‘პროგნოზირებადი’ იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებს კურირებს, რუსულ მედიას განუცხადა, რომ ანატოლი ბიბილოვის გამარჯვება „პროგნოზირებადი“ იყო, თუმცა გამარჯვების ზღვარმა „ყველა მოლოდინს გადააჭარბა“.

სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეა, თავის ოპონენტს, რეგიონის მოქმედ ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს ხმების 57.9%-ით მოუგო არჩევნები. ამ უკანასკნელმა ხმების 30% მიიღო. შედეგები წინასწარია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მნიშვნელოვნად შეიცვალოს, სანამ კომისია ხუთ დღეში შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. თიბილოვმა დამარცხება უკვე აღიარა.  

ბიბილოვი წარუმატებელ კანდიდატად მიიჩნეოდა მას შემდეგ, რაც 21 მარტს ვლადიმერ პუტინი მოსკოვში თიბილოვს შეხვდა; ეს ფაქტი ამ უკანასკნელის მხარდაჭერად იქნა აღქმული. სურკოვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეპარატისტული რეგიონების ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება დანიშვნებს ხელისუფლების შედარებით დაბალ ეშელონებში, როგორც ამის თაობაზე სურკოვის გაჟონილი ელექტრონული წერილებიდან გახდა ცნობილი.

მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბიბილოვმა უთხრა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, რომ რუსეთთან გაერთიანება მისი „სტრატეგიული მიზანი“ იქნება და ეს „ჩვენს რუს კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტით“ განხორციელდება.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გამარჯვებულს მიულოცა, ხაზი გაუსვა არჩევნების „კონკურენტუნარიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს“ და კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების ორი წამყვანი კანდიდატი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა.

თბილისმა დაგმო სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ძალაში შევიდა შეთანხმება, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს. ამგვარი ქმედება რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის სრული ანექსიისთვის ნიადაგის მომზადებად მიიჩნევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)