Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

საკონსტიტუციო კომისიის 11 აპრილის სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უარყო ბრალდებები, რომ კომისია პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას ისახავს მიზნად.

„ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა“, – განაცხადა მან. „სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც  დღეს არის განსაზღვრული მოქმედი კონსტიტუციით. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს  ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში“.

„უფლებამოსილებების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ  იქ, სადაც ამას  იურიდიული ლოგიკა მოითხოვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.   

მან ასევე განაცხადა, რომ ეს თემა ვენეციის კომისიის ექსპერტებთანაც იქნა განხილული, რომელთაც „სრულად დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს“.  

ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი წესით. „წარმოდგენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც არის წარმოდგენილი“, – განმარტა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ  „შემოთავაზებულია დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისი ელემენტებით, რომელსაც აქვს ძალიან მყარი დასაბუთება და ამაზე დღეს შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ. რაც მთავარია, წარმოდგენილი ვარიანტი არის საუკეთესო  ბალანსი ორ ძირითად ინტერსს შორის, ეს არის პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესი“.

„ახალი მოდელი  პრაქტიკულად გამორიცხავს  საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას. გვახსოვს, რომ წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯომარემ.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია 73 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან ექსპერტები და შვიდი პოლიტიკური პარტიის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა და ის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე მოამზადებს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარე პროცესზე მმართველ პარტიასთან უთანხმოება აქვს, რადგანაც მას პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების ინსტრუმენტად მიიჩნევს.