Site icon Civil.ge

საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დაიწყეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, ნირმალა  სითჰარამანმა 11 აპრილს,  ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი..

ინდოეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთობლივი მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებზე გადავა მას შემდეგ, რაც შიდა პროცედურებული დასრულდება და მოლაპარაკებების მანდატები დამტკიცდება. 

„ამ მიზნით, შეიქმნა მიზანშეწონილობის კვლევის ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის ოფიციალური პირებისგან შედგება“, – განაცხადა ინდოეთის ვაჭრობის სამინისტრომ.

მაღალი დონის ჯგუფი მიზანშეწონილობის კვლევის შესაძლო მასშტაბებს განიხილავს და კონკრეტული სექტორების სენსიტიურობას გააანალიზებს. მას ასევე დავალებული აქვს, ექვსი თვის ვადაში ანგარიში, შესაბამისი ანალიზით და რეკომენდაციებით, გამოაქვეყნოს.

ინდოეთში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ, ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა რკინიგზის მინისტრთან, სურეშ პრადჰუ და ასევე ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან მაჰეშ შარმასთან.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაჰეშ შარმასთან შეხვედრაზე, მხარეებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად; მხარეებმა ასევე საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. 

„ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან ასევე განვიხილეთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაისში დაგეგმილი არჩევნები და საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის საკითხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთში და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რომელიც საქართველომ ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარადგინა, ასევე ესწრებოდა შეხვედრას.

ინდოეთი სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ინდოეთთან 2016 წელს 99 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 54.9%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 22 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 52.8%-ით გაიზარდა და 77 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

This post is also available in: Русский (რუსული)