Site icon Civil.ge

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ 12 აპრილს რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ანატოლი ბიბილოვმა თავის მთავარ ოპონენტს, მოქმედ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს არჩევნები ხმების 54.8%-ით მოუგო. ამ უკანასკნელმა კი ხმების 33.7% მიიღო.

რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბელა პლიევამ განაცხადა, რომ 9 აპრილის არჩევნებში 32 365-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 79.63%-ს შეადგენს.

არჩევნებზე მიცემული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ანატოლი ბიბილოვი – 17 736 ხმა (54.8%)
ლეონიდ თიბილოვი – 10 909 ხმა (33.7%)
ალან გაგლოევი – 3 291 ხმა (10.1%)
ყველას წინააღმდეგ – 429 ხმა (1.3%)

პლიევამ ასევე განაცხადა, რომ არჩეული ლიდერის ინაუგურაცია 22 აპრილს გაიმართება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩევლების 80%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის გადარქმევას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“.

ანატოლი ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი 1970 წლის 6 თებერვალს დაიბადა; მან რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიაში გაანაწილეს.

1992 წელს იგი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. 2008 წელს ბიბილოვმა რუსეთ-საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა.

ბიბილოვის პირველი მცდელობა, რომ რეგიონის ლიდერი გამხდარიყო 2011 წლის ბოლოს წარუმატებლად დასრულდა. თუმცა, მისმა პარტიამ „ერთიანმა ოსეთმა“ 2014 წელს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე 2017 წელს გაიმართებოდა.

10 აპრილს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიბილოვმა უთხრა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, რომ რუსეთთან გაერთიანება მისი „სტრატეგიული მიზანი“ იქნება და ეს „ჩვენს რუს კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტით“ განხორციელდება.

ბიბილოვმა ხაზი გაუსვა მოსკოვთან ლოიალურ დამოკიდებულებას და განაცხადა, რომ „რესპუბლიკის სტრატეგიული ამოცანები, და პირველ რიგში ჩვენი მთავარი და ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის – რუსეთის ფედერაციის – მიმართ არ შეიცვლება“.

ბიბილოვის პოლიტიკა თბილისის მიმართ ცხინვალის სხვა ლიდერების ანალოგიურია. იგი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)