Site icon Civil.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: რუსული სამხედრო კონტინგენტი ქართული სახელმწიფოსთვის ‘ეგზისტენციალური საფრთხეა’

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წელს მოიცავს. დოკუმენტში ასახულია უსაფრთხოების სამსახურის შეხედულებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული  მთავარი საფრთხეების და სამსახურის პრიორიტეტების შესახებ.

ოკუპირებული ტერიტორიები (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი)

 უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობას ქვეყნის „მთავარ გამოწვევად“ მიიჩნევს, ხოლო იქ განთავსებული დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი და „მზარდი მილიტარიზაცია“ ქართული სახელმწიფოსთვის „ეგზისტენციალურ საფრთხედ“ განიხილება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სხვა პრობლემებს შორის ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადგილობრივების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ახორციელებს ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას. იმავდროულად, ის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში გალში (აფხაზეთის საკითხებზე) და ერგნეთში (ცხინვალის რეგიონის საკითხებზე).

უცხო ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშში ასევე აღწერს საქართველოში უცხო ქვეყნების დაზვერვით საქმიანობას. ანგარიშის თანახმად, „უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს“.

უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ „სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები“ ე.წ. „რბილ ძალას“ იყენებენ, მათ შორის „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თავად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები ხშირად ხდებიან უცხოელი ოპონენტების სამიზნეები, რაც უბიძგებს მათ, რომ მუდმივად ახორციელონ ამ ძალისხმევის განეიტრალების ზომები.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს სოფელ საგურამოს მახლობლად მდებარე რუსეთ-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთის აფეთქების მცდელობას. 2016 წლის 20 აგვისტოს ამ ფაქტთან დაკავშირებით 7 ეჭვმიტანილი დააკავეს. ამჟამად საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში მოიცავს თავს ტერორიზმის შესახებ, აღნიშნული ქმედება „კონტრდაზვერვითი საქმიანობების“ პუნქტშია განხილული, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურების საქმიანობებს აღწერს.

ტერორიზმი

ანგარიშის თანახმად, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა არსებობს „გარკვეული გამოწვევები“, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს და რადიკალურ იდეოლოგიებს უკავშირდება. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა.

ანგარიშში დასახელებულია ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაციების ხუთი ქართველი წევრი, რომლებიც 2016 წელს გაასამართლეს და კიდევ ერთი პირი, რომელიც იმავე საქმეზე გაასამართლეს.  უსაფრთხოების სამსახურმა ასევე დაიწყო გამოძიება საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქის მიმართ, რომლებიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ და ტერორისტულ საქმიანობებს უჭერდნენ მხარს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების აღკვეთის მიმართულებით. 750 პირს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა კონტრტერორისტული მოტივებიდან გამომდინარე.

სხვა საკითხები

ანგარიშში ასახულ სხვა საკითხებს შორის არის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წელს აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 14 აპრილს თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო „ურან 238“ (გაღარიბებული ურანი), დაკავებულია 6 პირი. 25 აპრილს, ქობულეთში ამოღებულია 1665,5 გრ. რადიოაქტიური ნივთიერება (81 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი), რომელიც შეიცავდა „ურან 235“-ს და „ურან 238“-ს, დაკავებულია 6 პირი.

2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 59 პირი იქნა მიცემული 32 სისხლის სამართლის საქმეზე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში მან  განსაკუთრებული ყურადღება პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვას დაუთმო,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან აქტიური თანამშრომლობით. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)