საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12 აპრილს ვარშავას სტუმრობდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც ვიშეგრადის ჯგუფის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, მალტას, რუმინეთის, შვედეთის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწლეობა.
შეხვედრას ასევე დაესწრო ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, მონაწილეებმა თანამშრომლობაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ასევე აერთიანებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას და უკრაინას. ვიშეგრადის ჯგუფის წევრები არიან ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „ძლიერი მხარდაჭერა“ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების მიმართ, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას.
„მინისტრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ადეკვატური ნაბიჯები იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მუდმივად იდგეს ევროკავშირის დღის წესრიგში როგორც პრიორიტეტი“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას „უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა“. ამ კონტექსტში, „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა. ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ უნდა მომზადდეს ამბიციური დღის წესრიგი.
მინისტრებმა ასევე დაადასტურეს, რომ ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მთავარი ამოცანაა. ისინი მიესალმნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება ჩვენს საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. ჩვენი პარტნიორობის მიზანი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები და თვალსაჩინო შედეგების მიღებაა; იმ შედეგების, რომლებიც ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და სიმტკიცეს რეგიონში“, – განაცხადა ევროკომისარმა ჰანმა შეხვედრამდე.
„ბოლო წლის მანძილზე, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ პრიორიტეტულ სფეროებში – ესენია, ეკონომიკური განვითარება, ინსტიტუტების და კარგი მმართველობის გაძლიერება, მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები, თუმცა მეტია გასაკეთებელი. ვარშავაში, მე ხაზგასმით განვაცხადებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომავალში“, – დასძინა ჰანმა.
მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგებთან სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)