Site icon Civil.ge

სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერი პრიორიტეტებზე საუბრობს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 12 აპრილს, რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე შესაძლო რეფერენდუმის შესახებ საუბრისას ბიბილოვმა განაცხადა, რომ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება, რომელსაც ცხინვალსა და მოსკოვს შორის 2015 წელს მოეწერა ხელი, შესაძლებელი იყო „მაქსიმალურად ინტეგრირებული“ გამხდარიყო და „მაშინ, რეფერენდუმის თაობაზე ყველა საკითხი მოიხსნებოდა“.

„მე სავსებით მესმის, რომ დღეს ამის გაკეთება უფრო რთული იქნება“, – დასძინა მან.

ბიბილოვმა ასევე განაცახდა, რომ ის კონსულტაციებს გამართავს რუსეთის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან იმის თაობაზე, თუ როგორ მოაგვარონ რეფერენდუმის საკითხი და ამ კონსულტაციების შემდეგ „ზუსტ და დეტალურ“ პასუხს გასცემს საზოგადოებას.

სეპარატისტული რეგიონის ახალმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება, რეგიონის დამოუკიდებლობის მეტ აღიარებას მიაღწიოს და დასძინა, რომ ამ ძალისხმევასა და რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე მუშაობას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. „ჩვენ ყველა შესაძლო ქვეყანასთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღიარებს, ურთიერთობები უნდა დავამყაროთ; ეს სრულიად არ შეუშლის ხელს თავად რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ხალხის შემდგომ ბედს“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას იტალიურ პარტიასთან, Lega Nord-თან ჰქონდა კავშირი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი არგუმენტები გაუგზავნა. ბიბილოვის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ საკითხს წელს გაიტანენ იტალიის პარლამენტში განსახილველად. „ყოველ შემთხვევაში, მათგან ეს დაპირება მივიღეთ“, – განაცხადა მან.

ბიბილოვის მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი პრიორიტეტია „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან“ ურთიერთობების განვითარება. უწოდა რა მათ „რესპუბლიკები, რომელთაც სამხრეთ ოსეთის ანალოგიური გზა გაიარეს“, ბიბილოვმა განაცახდა, რომ „პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობების დამყარებაა“.

ბიბილოვი ასევე შეეხო რეგიონის „გახსნილობას“ უცხოელებისთვის, თუმცა „აბსოლუტურად თანასწრორი პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე“. „თუ ამას მოვახერხებთ, ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცნობადობა საზღვარგარეთ და პირველ რიგში, შორეულ საზღვარგარეთში გაიზრდება“, – განაცხადა მან.

ბიბილოვმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მოუწევს ამ მიმართულებით.

რეგიონის შიდა საკითხებზე საუბრისას ბიბილოვმა დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მომდევნო, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები, შერეული „პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით გაიმართება“. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

წინა ორი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა. მანამდე კი, რეგიონის 34-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ნახევარს მაჟორიტარული დეპუტატები, ხოლო მეორე ნახევარს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები იკავებდნენ.