Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი: საფრანგეთი ‘სტრატეგიული მოკავშირეა’


ლევან იზორია და ჟან-ივ ლე დრიან, 18 აპრილი, 2017. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც 18-19 აპრილს საფრანგეთს სტუმრობდა, სამშაბათს თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.

„საფრანგეთი რჩება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ და უფრო დიდ წვლილს შეტანს სამხედრო აღმშენებლობის საქმეში“, – განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ მოკლე ვიდეო განცხადებაში

მან ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„თავდაცვის მინისტრთან ერთად დავგეგმეთ თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში“, – განაცხადა იზორიამ.

„თქვენ იცით, რომ ძალიან კარგად ვასრულებთ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. დღეს კი, ჩვენ განვიხილეთ მომდევნო ეტაპი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „კერძოდ, ვგეგმავთ ჩვენი სპეციალისტების გადამზადებას, რომელთაც შემდგომში ექნებათ ამ თავდაცვითი სისტემის გამოყენების უნარი“.

იზორიას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა თავდაცვის სფეროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ხელმოწერილი ორი ხელშეკრულებიდან ერთერთი. პირველ ხელშეკრულებას 15 ივნისს მოეწერა ხელი სახმელეთო სათვალთვალო რადარების, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემების მწარმოებელ კომპანიასთან ThalesRaytheonSystems (TRS), ხოლო მეორე ხელშეკრულება 10 ივლისს გაფორმდა სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანიასთან MBDA.

ლევან იზორიამ სამხედრო განათლება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ერთ-ერთ სფეროდ დაასახელა.  „სამხედრო განათლების კუთხით გვყავს ძალიან წარმატებული ოფიცრები, რომელთაც საფრანგეთში მიიღეს განთლება. ძალიან წარამტებულია სამთო მომზადების სკოლა, სადაც ბევრი უცხოელი იღებს საქართველოში განათლებას. ამ სკოლის დაარსებასა და განვითარებაში საფრანგეთს და მის მოქმედ თავდაცვს მინისტრს აქვს დიდი წვლილი შეტანილი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში „იქნება უფრო მზარდი“. „კერძოდ, ისინი წელს გეგმავენ მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას ემსახურება“, – განაცხადა იზორიამ.

შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ იზორიამ „მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)