Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი რეინტეგრაციის და აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესახებ საუბრობს

19 აპრილს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თბილისის სტრატეგია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკა სოხუმის და ცხინვალის მიმართ სამ ძირითად ასპექტზეა დაფუძნებული.

მისი თქმით, პირველი არის „საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და რეზოლუციების მიღება, სადაც რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს თავის ქმედებებზე და ეს ხელს შეუწყობს  კონფლიქტის სამართლებრივ ჩარჩოებში დარეგულირებას“. 

მთავრობის პოლიტიკის მეორე კომპონენტია რუსეთთან „იმ ტიპის დიალოგის წარმოება“, რომელიც „ჩვენთან კონფლიქტის ესკალაციის არანაირ შესაძლებლობას არ  მისცემს რუსეთის ფედერაციას და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ჩვენი დემოკრატიული ინტიტუტები, გავაგრძელოდ ძალიან მტკიცედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა, ნატოში ინტეგრაციის გზა, გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური რეფორმები, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ კეთილდღეობა“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს წინა კომპონენტი მესამე პუნქტს უწყობს ხელს, რომელიც გულისხმობს „რეინტეგრაციას და საზოგადოების გაერთიანებას, შერიგების პოლიტიკას“.  

„დროა უკვე აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებმა და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებმა გაიგონ, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს მხოლოდ რასაც ახერხებს ეს არის ის, ჩავიდეს იქ საგარეო საქმეთა მინისტრი და აჩვენოს, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციამ მათ საერთაშორისო მასშტაბით მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

„მაგრამ ჩვენმა ქმედებებმა კარგად აჩვენა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის სრულად მობილიზებული, რომ არანაირად არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ეს მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვით“, – განაცხადა მან.

რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს გავლით სატრანზიტო კავშირის შესაძლო აღდგენის თაობაზე  სერგეი ლავროვის მიერ 19 აპრილს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, ეს იქნება მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ექვემდებარება რაიმე რეკომენდაციებს ან ხედვებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან“.