21 აპრილს, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ, 22 აპრილს დაგეგმილი კომისიის ბოლო შეხვედრის წინ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიუხედავად რიგი დადებითი ცვლილებებისა“, გარკვეული ხარვეზები მაინც რჩება.
ხმების გადანაწილება
პროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ მანდატების მოსაპოვებლად. იმ პარტიების ხმებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ, გამარჯვებული პარტია მიიღებს, ნაცვლად იმისა, რომ პროპორციულად გადანაწილდეს ყველა იმ პარტიას შორის, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს წესი „არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას“.
„აღნიშნული მიდგომა კი დიდწილად დააკნინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანს და ეჭვქვეშ დააყენებს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო ბლოკების გაუქმება
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა არჩევნების წინ „წარმოადგენს რადიკალურ ზომას და არ არის გამართლებული ლეგიტიმური ინტერესით“. მათი თქმით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფითია იმ პირობებში, თუ 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება.
პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება
კონსტიტუციის პროექტის თანახმად, პრეზიდენტს 300 ხმოსანი ირჩევს, რომელთა შორის 150 დეპუტატი, ასევე ადგილობრივი და რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან.
„საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქორწინების განსაზღვრა
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული პროექტის თანახმად, „ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი უკან გადადგმული ნაბიჯებია“. კონკრეტულად, მათ მხედველობაში აქვთ ჩანაწერი ქორწინების თაობაზე, რომლის თანახმადაც „ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით“.
„იმ პირობებში, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით არ არის დაშვებული, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასოდეს დამდგარა, მსგავსი ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოპულისტური დატვირთვის მატარებლად, რომელიც ამ თემის ხელოვნურად გააქტიურებით პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
პოზიტიური ელემენტები
არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ გაჩნდა ჩანაწერი „ევროპულ და ევროატლანტიკურ სრტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ ვალდებულებას „გაატარონ ყველა საჭირო ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
არასამთავრობოების თქმით, განხორციელდა რიგი უფლებრივი გარანტიების განმტკიცება და გაუმჯობესება, ასევე გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები.
საბოლოო ძალისხმევა
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით კომისიამ 22 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე ალტერნატიული წინადადებები უნდა განიხილოს.
„კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, რაც გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ იქნეს გათვალისწინებული კომისიის წევრთა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მკაფიოდ ნეგატიური ერთიანი პოზიციები“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია 73 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან ექსპერტები და შვიდი პოლიტიკური პარტიის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა და მას 2017 წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მომზადება დაევალა.