სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერის და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია ცხინვალში 21 აპრილს გაიმართა.
ცერემონიაზე, რომელიც ცხინვალის სტადიონზე გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი სიტყვით გამოვიდა და ბიბილოვს 9 აპრილს გამართულ არჩევნებში გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტის სახელით მიულოცა.
პუტინის გზავნილის წაკითხვისას სურკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს რეგიონის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების განხორციელების საჭიროებას.
მისი თქმით, მოსკოვი იმედს გამოთქვამს, რომ „რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ეფექტურობაზე შესაბამისი კონტროლი განხორციელდება“.
სურკოვი ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე ბიბილოვს შეხვდა, შეაქო იგი მისი „მტკიცე პოზიციისთვის რუსეთთან მაქსიმული ინტეგრაციის მიმართ“ და განაცხადა, რომ მას და ბიბილოვს ერთი და იგივე შეხედულება აქვთ, რადგანაც ორივეს მიზანი „ერთიანი ეკონომიკური, სამართლებრივი, კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაა, რომელიც ყველა ადამიანს გააერთიანებს“.
შეხვედრაზე გამოსვლისას, ბიბილოვმა დაადასტურა, რომ იგი კვლავაც განაგრძობს „რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის კურსს“.
ბიბილოვთან ერთად ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსანდრე ტოტოონოვი; ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონის ლიდერი ვიაჩესლავ ბითაროვი; სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი და სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის მეთაური ბესლან ბარციცი.
ინაუგურაციის ცერემონიაზე ასევე სიტყვით მიმართა ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა იგორ პლოტნიცკიმ. მან მადლობა გადაუხადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისა და „მოხალისეების“ გაგზავნისთვის დონბასის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
პლოტნიცკიმ შეაქო მოხალისეეები და განაცხადა, რომ ისინი „პატიოსნად იბრძოდნენ, საკუთარი სიცოცხლეების რისკის ფასად“. მან ასევე აღნიშნა, რომ დონბასში „რუსეთის ყველა რეგიონისა და რესპუბლიკიდან მოხალისეების ჩამოსვლამ“ „ძლირი და ძალაუფლებიანი რუსეთის, ერთიანი რუსული სამყაროს“ არსებობა დაადასტურა.
ცერემონიას ასევე დაესწრნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, რუსეთის სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს დელეგაციები, ასევე დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ პარლამენტის თავმჯდომარე დენის პუშილინი და დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის რეგიონების დელეგაციები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)