Site icon Civil.ge

საქართველოს და უკრაინის საგარეო მინისტრები ევროკავშირში ინტეგრაციის ‘საერთო’ დღის წესრიგზე საუბრობენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა 21-22 აპრილს თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს პირველი ოფიციალური პირი, რომელიც კლიმკინს შეხვდა მისი ქართველი კოლეგა მიხეილ ჯანელიძე იყო. 

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლიმკინმა და ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, ასევე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს.

კლიმკინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინას და საქართველოს „ამბიციური“ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ და მისი ვიზიტი თბილისში ხაზს უსვამს „უკრაინელებსა და ქართველებს შორის არსებულ სიმპათიას და მეგობრობას“. 

„ჩვენი ურთიერთობები საერთო ღირებულებებს ეფუძნება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, ჩვენი მიზნების შესახებ საერთო ხედვა და ასევე საერთო საფრთხეები და გამოწვევები“, – განაცხადა მან.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საქმეში.

„ჩვენ საკუთარი ქმედებების, იდეების და გეგმების მჭიდრო კოორდინაციას განვახორციელებთ, რადგანაც ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობა, მაგრამ ამავდროულად საქართველო და უკრაინა ევროპული ინტეგრაციის მკაფიო გზას ადგანან და ამიტომ განსაკუთრებული მოპყრობა გვჭირდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი უფრო მეტია, ესაა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მეტ წარმატებას მივაღწევთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – უპასუხა ჯანელიძემ.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სხვადასხვა ფორუმებზე.

„ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმეს განვიხილავთ ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, საქართველოს დამოუკიდებლობის, საზღვრების ურღვევობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენს დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა კლიმკინმა.

თავის მხრივ, ჯანელიძემ თავის გამოსვლაში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ოკუპაცია და აგრესია დაგმო.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით.
 
დოკუმენტში მხარეებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ოკუპაცია და აგრესია, შეთანხმდნენ გააძლიერონ კოორდინაცია მრავალმხრივ ფორუმებზე (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, სუამი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა და სხვა), გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.
 
მათ დაადასტურეს ინტერესი ჩაერთონ ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტის საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, იმ პროექტებში, რომლებიც „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში პავლო კლიმკინი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს; იგი ასევე ესტუმრა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად მდებარე სოფელ ხურვალეთს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)