Site icon Civil.ge

საქართველო და ირანი სარკინიგზო კავშირის საკითხს განიხილავენ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან, ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირისთან და ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარესთან ალი ლარიჯანისთან გამართა მოლაპარაკებები.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მიესალმება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროში“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

„ირანსა და საქართველოს დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვთ ეკონომიკის, მეცნიერების და კულტურის სფეროებში ურთიერთობების განვითარებისთვის“, – დასძინა მან.

პრეზიდენტ რუჰანის და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპარსეთის ყურე-შავის ზღვის სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანს.

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით: „დღეს ტრანზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში და ირანის სარკინიგზო სისტემის ასტარასთან (ქალაქი ჩრდილოეთ ირანში) და აზერბაიჯანთან დაკავშირების და საქართველოსთან კარგი საგზაო და სარკინიგზო კავშირის თვალსაზრისით, ამ სფეროში თეირანი-თბილისის ურთიერთობების გაღრმავებამ შესაძლოა რეგიონში მნიშვნელოვან განვითარებებს შეუწყობს ხელს“.

სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის საკითხი ასევე განიხილეს კვირიკაშვილის შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირისთან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და სპარსეთის ყურის დაკავშირება შავ ზღვასთან ირანი-სომხეთი-საქართველოს ან ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით“, – Tehran Times ჯაჰანგირის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ სპარსეთის ყურე შავ ზღვას დაუკავშიროს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მეშვეობით, რომელიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ირანს დააკავშირებს ამ მარშრუტზე.

კვირიკაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ირანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ენერგეტიკის სფეროში საქართველოსთან ითანამშრომლოს, მათ შორის, ელექტროენერგიის გაცვლის და საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდების საკითხებში.

საქართველოს და ირანის სამინისტროებმა, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების რამდენიმე მემორანდუმს და შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

თეირანში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია; გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

კვირიკაშვილის ირანში ვიზიტამდე სამი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს სტუმრობდა.