Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა გამოაქვეყნა

24 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებს და შეიარაღებული ძალების სტრუქტურის 2020 წლის მოდელს განსაზღვრავს.

ეს უკვე მესამე დოკუმენტია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. პირველი ორი დოკუმენტი 2007 და 2012 წლებში გამოქვეყნდა.

24 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პირველი თავდაცვის სტრატეგიის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის შემუშავება 2007 წელს დასრულდა „შესაძლებლობებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას“ ეყრდნობოდა. თუმცა, რუსეთთან 2008 წლის ომმა საქართველოს პოლიტიკა შეცვალა, რის შედეგადაც, 2012 წელს შემუშავებული მეორე დოკუმენტი „საფრთხეებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას“ დაეყრდნო და აქცენტს, ძირითადად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამომდინარე საფრთხეებზე აკეთებდა.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტებიც შედიოდნენ.

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები

2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების დაგეგმვის მთავარ ფაქტორად კვლავ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხე რჩება“.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა „საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის განსაკუთრებულ საფრთხეს“ წარმოადგენს. 

„რუსეთის ფედერაციის მზაობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფით, ღია სამხედრო აგრესიის და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ხელყოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება. რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალების მოდერნიზება და რეგიონზე ზეგავლენის განმტკიცების მცდელობა, ზრდის აგრესიის გაგრძელების რისკს, რაც ნათლად დადასტურდა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი რეგიონის ენერგორესურსებზე და მათ გადანაწილებაზე კონტროლის მოპოვებაა.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის და შავ ზღვაზე საკუთარი სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება „შეასუსტებს დასავლეთის წვდომას კავკასიის რეგიონზე და შესაბამისად, შეამცირებს მის მიერ რუსეთის დაბალანსების შესაძლებლობას“. 

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „მზარდ მილიტარიზაციაზე“, მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან „ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმებაზე“ და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობაზე, რაც „ზრდის პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განახლების რისკს“.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე, რომელიც 2017-2020 წლების პერიოდშიც შენარჩუნდება „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში“.

„რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებისა და მართვადი დესტაბილიზაციის შექმნის მიმართულებით. კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენეტების გაძლიერებაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრო-რუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა

თავდაცვის სისტემების განვითარება არის სამინისტროს მიზანი 2017-2020 წლებში, რომელიც სამხედრო აგრესიის შემთხვევაში „მზად იქნება ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად და მოწინააღმდეგეს არ მისცემს დასახული ამოცანის ადვილად მიღწევის შესაძლებლობას“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას „დიპლომატიური, ეკონომიკური და საინფორმაციო შეკავების ფაქტორებთან ერთად“.

დოკუმენტი ითვალისწინებს ტოტალური თავდაცვის პრინციპის მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ, რომელიც გულისხმობს „თავდაცვის უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სრული ეროვნული ძალისხმევით, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო რესურსების გამოყენებით“.

ტოტალური თავდაცვის მიდგომა ასევე ითვალისწინებს, როგორც „კონვენციური, ასევე არაკონვენციური გზებით წინააღმდეგობის გაგრძელებას“.

დოკუმენტი რეზერვს და სამხედრო-სავალდებულო სამსახურს ტოტალური თავდაცვის მიდგომის მნიშვნელოვან ელემენტებად მიიჩნევს, რომელიც „კრიზისულ/საომარ ვითარებაში მხარს დაუჭერს შეიარაღებული ძალების აქტიურ კომპონენტს.“

თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის განახლებას სწორად „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ფარგლებში ხედავს.

"სამხედრო-სავალდებულო სამსახურის განახლებული სისტემა არსებული მემკვიდრეობის თვისობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს, რაც გულისხმობს, წვევამდელთათვის საბრძოლო მომზადების სრულფასოვანი კურსის გატარებას, შესაბამის სოციალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
 
საჰაერო თავდაცვა ეროვნული თავდაცვის სისტემის კიდევ ერთი კომპონენტია, რომელიც დოკუმენტში მნიშვნელოვან ფაქტორადაა მიჩნეული.
 
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნია საფრთხეების შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო მისი საავიაციო ელემენტები ვერ უზრუნველყოფენ ოპერატიულ მოთხოვნებს ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში. მომავალში აგრესიის ნეიტრალიზებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის ელემენტების შესაძლებლობების გაუმჯობესება თანამედროვე საჰაერო თვალთვალისა დასაჰაერო თავდაცვის საშუალებებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს შეზღუდულ ფინანსურ რესურსებს და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტად იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ამაღლებას. ასევე პრიორიტეტული რჩება სამხედრო ბიუჯეტის ეტაპობრივი რესტრუქტურიზაცია ნატოს სტანდარტების მიღწევის მიზნით, სადაც პერსონალის ხარჯი არა უმეტეს 50 პროცენტს, ხოლო შეიარაღების შესყიდვა არა ნაკლებ 20 პროცენტს შეადგენს.

დოკუმენტის ავტორები მოცემულ პერიოდში თავდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელიან და აცხადებენ, რომ ის „მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება“.

„თავდაცვის სფეროში ახალი პროექტების (საჰაერო თავდაცვა, რეზერვის მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა, საჰაერო სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენები, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და სხვა) დაფინანსება შესაძლოა დაემატოს თავდაცვის ბიუჯეტს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელსაც დოკუმენტი ეხება, საქართველოს პარტნიორებთან თანამშრომლობაა. აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) წარმატებული განხორციელება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებას და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს,“ ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ნატოს საერთაშორისო მისიებში და სამხედრო სწავლებებში, ასევე ნატოს რეაგირების ძალებში მონაწილეობას, ისევე როგორც ევროკავშირის და გაეროს მისიებში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, საქართველოს უსაფრთხოების მიმართ „არსებულ რისკებს გარკვეულწილად ამცირებს ნატოს ეგიდით და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ჩატარებული წვრთნების რაოდენობის და მასშტაბის გაზრდა“.

„ისეთი წვრთნები, როგორიცაა Agile Spirit, Noble Partner და NATO-GEO EX 16, ხაზს უსვამს საქართველოს პარტნიორების მზადყოფნას წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში და ხელი შეუწყონ ალიანსთან ურთიერთ თავსებადობის გაზრდას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს პრიორიტეტს, ითანამშრომლოს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან „შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე“. 

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სისტემა

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია. 

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი დოკუმენტებია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასება. პირველი საქართველოს ძირითად ღირებულებებს და ინტერესებს განსაზღვრავს, ხოლო მეორე ამ ინტერესების მიმართ არსებულ საფრთხეებს და რისკებს.

თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი მიზნად ისახავს საფრთხეების შეფასებაში ჩამოთვლილი საფრთხეების სამხედრო კომპონენტზე რეაგირებას. სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის მიზნების განხორციელებას ემსახურება.

This post is also available in: Русский (რუსული)