Site icon Civil.ge

საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა 21 აპრილს ენერგეტიკულ გაერთიანებაში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. სხდომაზე დამსწრე 89 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის იმ ორგანიზაციაში გაწევრიანების შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მეზობელ ქვეყნებს ინტეგრირებული ევროპული ენერგობაზრის შექმნის მიზნით აერთიანებს.

„ენერგეტიკული გაერთიანება მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას და ვალდებულებას, რომ საქართველოს ენერგოსექტორი ევროკავშირის ენერგობაზრის რეგულაციებს დაუახლოვდეს“, – ნათქვამია ენერგეტიკული გაერთიანების მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნება მხოლოდ ფორმალობად რჩება“, – დასძინა ორგანიზაციამ.

მოლაპარაკებები ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე 2014 წლის თებერვალში დაიწყო. შესაბამის ოქმს საქართველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე 2016 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა სარაევოში მოაწერა ხელი, სადაც ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს მე-14 შეხვედრა გაიმართა.

ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან შეერთებით წევრი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, რომ დანერგოს ევროკავშირის ძირითადი რეგულაციები და წესები ელექტროენერგიის და გაზის ქსელების, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის, ნავთობის და ენერგო სტატისტიკის შესახებ.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ენერგეტიკული გაერთიანების წევრები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)