Site icon Civil.ge

საქართველო და რუმინეთი სავაჭო და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს სტუმრობდა, სადაც პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდეანუს, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს ლივიუ დრაგნეას და სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.

„ის ნამდვილი პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე ავიყვანოთ“, – განაცხადეს პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციაში.

დოკუმენტი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სურვილს, რომ გაფართოვდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები, ასევე გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთაშორისო ტრანზიტის და რეგიონალური უსაფრთხოების პროექტებში.

„ჩვენს ორ ქვეყანას ახლო პარნტიორობა აკავშირებს როგორც ისტორიულად, ისე პოლიტიკურად“, – ნათქვამია დეკლარაციაში. „გეოგრაფიულად, საქართველო და რუმინეთი წარმოადგენენ ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, რადგან ორივეს შავი ზღვა აკავშირებს“.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები ასევე თანხმდებიან, რომ შეისწავლონ თანამშრომლობის სრული პოტენციალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კულტურული გაცვლები.

გარდა ამისა, საქართველო და რუმინეთი თანხმდებიან იმაზე, რომ გააძლიერონ ძალისხმევა შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ და უფრო ფართო სამეზობლოში სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების მიზნით.

ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, რუმინეთი „აღიარებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს მისი ევროკავშირთან თანამშრომლობის საბოლოო მიზანს“.

რუმინეთი პირობას დებს, რომ „გააგრძელებს საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას“. ამისთვის, ის ეცდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი გააძლიეროს და უზრუნველყოს ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული პოლიტიკის, პროგრამების და პროექტების ეფექტური გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს სასარგებლოდ“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს პრემიერ-მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციაზეც შეეხნენ.

გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს მისწრაფებებს, რომ გახდეს „ევროპული ოჯახის“ წევრი და დასძინა, რომ ქვეყანა აქტიურად ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის, რომელიც ნოემბერში ბრიუსელშია დაგეგმილი.

„ვიმედოვნებთ, რომ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რუმინეთთან ერთად, შევძლებთ იმ საერთო მიზნების მიღწევას, რომლისკენაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ისწრაფვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, საქართველო და რუმინეთი, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, „გაზრდიან თანამშრომლობას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონში“.