საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 26 აპრილს ბერლინში თავის გერმანელ კოლეგას ზიგმარ გაბრიელს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს.
„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ხანდახან ევროპის გარეთ ევროპას უფრო აფასებენ ვიდრე თავად ევროპაში. ამიტომ, ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვაფასებთ იმ დიდ ძალისხმევას, რაც რეფორმების გატარების კუთხით საქართველომ გასწია“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მან ჯანელიძეს ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.
„ბევრმა გერმანიაში ალბათ არც კი იცის, რომ ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე ტერორისტული თავდასხმის დროს სწორედ ქართველი ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც გერმანელებს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ამისათვის განსაკუთრებით დიდ მადლობას გიხდით“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება ზიგმარ გაბრიელის სიტყვებზე დაყრდნობით.
შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანია-საქართველოს წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ.
გერმანია-საქართველოს წელი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად იმართება, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების პატრონაჟით. მომდევნო 18 თვის მანძილზე 130-ზე მეტი ერთობლივი ღონისძიება და პროექტია დაგეგმილი.
„გერმანია-საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობები უბრალოდ მარადიულია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნის ცერემონიაზე. „ეს ჩვენი ურთიერთობების სიმდიდრის და მრავალფეროვნების დასტურია. ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ძალიან ძლიერი ქართულ-გერმანული მომავალი“, – დასძინა მან.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.