პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
28 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა და 2018 წელს არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული პირდაპირი არჩევნებისა.
„ჩვენ გვაქვს დიდი იმედი ჯერ კიდევ, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება“, – განაცხადა კობახიძემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არაპირდაპირ არჩევნებზე 2023 წლიდან გადასვლის თაობაზე.
„არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდნეტის თაოსნობით“, – განაგრძო კობახიძემ. „პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით… ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანაონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“.
პრეზიდენტ მარგველაშვილის საპასუხო განცხადებამ არ დააყოვნა. 28 აპრილს, ახალციხეში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის თაობაზე „ვაჭრობასა“ და ამ დოკუმენტში „რაღაც შიდა ინტერესების ჩადებაში“ დაადანაშაულა.
მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუცია „უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები“.
„არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ნუ ირჯებიან ტყუილად – ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის პროექტი „კონსენსუსის“ გარეშე იქნა წარმოდგენილი. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კომისია დატოვა და დოკუმენტი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიწონა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც რეფორმის პროცესს მმართველი პარტიის ხელში პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების იარაღად მიიჩნევს, კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.
საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართვის მიზნით 13 მარტს მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ წამოიწყო. მისი თქმით, ყველა წინა ცვლილებები დახურულ კარს მიღმა განხორციელდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად და რომ ამის სანაცვლოდ „ახალი ტრადიცია“ უნდა დაინერგოს, რომელიც კონსტიტუციის ერთობლივ დაგეგმვას ითვალისწინებს.
მარგველაშვილი ღიად ეწინააღმდეგება არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას და არჩევნევის წინ ბლოკების გაუქმებას, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში.